ჯამპსტარტ ჯორჯია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს - ჰაერის ფილტრი. პროექტის მიზანია შექმნას და მხარი დაუჭიროს იმ ორგანიზაციებისა და პირების ქსელს, რომლებიც ჰაერის დაბინძურების მიმართულებით მუშაობენ, ან ამ თემატიკით არიან დაინტერესებული. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ვებ პორტალი - Filter.ge, სადაც ადამიანები შეძლებენ, მიმზიდველი და მარტივად გასაგები სახით მიიღონ ინფორმაცია ჰაერის დაბინძურების პრობლემის შესახებ, ასევე გაიგონ როგორ შეიძლება შეცვალონ მათი ყოველდღიური ჩვევები, იმისათვის, რომ გარემო ნაკლებად დააზარალონ. პლატფორმის მომხმარებელს ასევე შეეძლება თავად ჩაერთოს უკეთესი გარემოს შექმნის პროცესში და ყოველთვე დადოს პირობა, რომ დანერგავს ცვლილებებს თავის ყოველდღიურ საქმიანობაში. ჩვენ მიერ, ვებ-პორტალზე შეთავაზებული “პირობები” წარმოადგენს მარტივ ქმედებებს, რომელიც ადვილი განსახორციელებელია და დასანერგია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, მაგ: შეცვალეთ თქვენი სამსახურამდე ან სკოლამდე მისასვლელი მარშრუტი, აირჩიეთ ეკოლოგიურად უფრო სუფთა ტრანსპორტი, გახდით უფრო პასუხისმგებლიანი მომხმარებელი და ა.შ.