15 შეცდომა რომელსაც ვუშვებთ ტექსტებთან მუშაობის დროს

06 ოქტომბერი 2016

ავტორი: irakli

15 შეცდომა რომელსაც ვუშვებთ ტექსტებთან მუშაობის დროს

Social: 

ტიპოგრაფია, რაც ტექსტში ასო-ნიშნების განლაგებასა და სტილის განსაზღვრას გულისხმობს, დიზაინის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც ფერი, კომპოზიცია და გრაფიკული ელემენტები. თუმცა ხშირად ტექსტს, და შესაბამისად, ტიპოგრაფიას, არ აქცევენ სათანადო ყურადღებას და მას დიზაინისგან ცალკე მდგომ ელემენტად აღიქვამენ.

ქვემოთ მოცემულ მაგალითებში გიჩვენებთ, თუ როგორ ავარიდოთ თავი ტიპოგრაფიულ შეცდომებს ვებ-გვერდის დიზაინში, პოსტერში, ინფოგრაფიკსა თუ ტექსტურ რედაქტორში, როგორ გავხადოთ ტექსტური მასალა მარტივი და სასიამოვნოდ წასაკითხი მკითხველისთვის.

 

 

 

ხშირად დიდ ტექსტებში სტრიქონებს შორის ინტერვალი  არის ან ძალიან მჭიდრო ან ძალიან ფართო. ორივე შემთხვევაში ტექსტი არის რთულად წასაკითხი, ამიტომ საჭიროა ბალანსის დაცვა. რაც უფრო გრძელია სტრიქონი, მით უფრო დიდი მანძილი უნდა იყოს მათ შორის, რადგან თვალს მეტი ძალისხმევა სჭირდება ხაზიდან ახალ ხაზზე გადასასვლელად. შესაბამისად, მათ შორის დაშორება უნდა გაიზარდოს. აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ მეტი სტრიქონებს შორის დაშორების შესახებ: http://typefacts.com/artikel/grundlagen/zeilenabstand

 

 
 

 

თრექინგი არის ასოებს შორის დაშორება სიტყვაში ან ფრაზაში, რასაც მას ტექსტური ან გრაფიკული პროგრამების საშუალებით ვანიჭებთ. როდესაც სიმბოლოები დგანან ერთმანეთთან ახლოს, ეს ართულებს გარჩევადობას, ხოლო როდესაც გაფანტულია, ძნელია სიტყვის, როგორც დაჯგუფებული ასოებისგან შემდგარი ობიექტის, ამოცნობა. ადამიანის ტვინი იმახსოვრებს რამდენიმეჯერ ნანახ სიტყვას და ყოველი ნახვისას აღარ სჭირდება მთლიანად წაკითხვა. მას დასაწყისშივე ვცნობთ, ხოლო თუ გავფანტავთ, ამას ვეღარ მოახერხებს გონება.

 

 

 

კერნინგი არის სივრცე ორ ასოს შორის. მისი ზომების განსაზღვრა დიზაინერის ან ასოთამწყობის გადაწყვეტილებით ხდება, სამუშაო გამოცდილებიდან და ცოდნიდან გამომდინარე. წესები არ არსებობს, ინტერვალის შერჩევა ხდება კონკრეტული შრიფტის ფორმებიდან გამომდინარე. ეს არის საკმაოდ შრომატევადი საქმიანობა, რადგან სხვადასხვა ზომაზე ამ მანძილების ინდივიდუალურად განსაზღვრაა საჭირო.

 

 

 

უსაშველოდ განიერი სტრიქონის კითხვა ქმნის დისკომფორტს, ღლის თვალს. ამიტომ მიზანშეწონილია, დიდი ტექსტის შემთხვევაში, სვეტები გამოვიყენოთ. თუ არის მრავალსვეტიანი ტექსტები (მაგალითად, გაზეთებში) ასო-ნიშნების რაოდენობა ერთ ხაზში უნდა იყოს 40-50, ხოლო, თუ არის ერთსვეტიანი ტექსტი (მაგალითად, ბლოგი ან სხვა), ხაზში ასოთ-ნიშანთა რაოდენობა უნდა იყოს 50-70.

 

 

 

როდესაც ვცდილობთ ტექსტის გასწორებას მარჯვნივ, მარცხნივ ან შუაში, ჩნდება სიცარიელეები, რასაც ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ. ეს პრობლემა გამოწვეულია იმით, რომ ყველა გრაფიკულ და საოფისე პროგრამას არ აქვს

ავტომატურად სიტყვის გადატანის ფუნქცია. ამიტომ გვჭირდება გადატანები გავაკეთოთ ხელით, ან შევიტანოთ სტილისტური შესწორებები ტექსტში.

 

 

 

ხშირად, როცა გვინდა, ტექსტის მნიშვნელოვანი ადგილები უფრო შესამჩნევი იყოს, ხაზს ვუსვამთ, ვამუქებთ, სხვა ფონტს ვიყენებთ და საბოლოოდ ვიღებთ გადატვირთულ გამოსახულებას. ერთად ორზე მეტი შრიფტის, სხვადასხვა სტილების, სისქეების, ფერების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. სასურველია, გამოვიყენოთ ერთი ან ორი ოჯახის შრიფტები სხვადახვა სტილებით და სისქეებით.

 

 

 

რადგან მხედრული შრიფტის (პატარა ასოები) აღქმადობა გაცილებით მაღალია, ვიდრე მთავრული (დიდი) ასოებისა, სასურველი არაა, რომ დიდ ტექსტებში გამოვიყენოთ ეს უკანასკნელი. მთავრულის გამოყენება დასაშვებია სათაურებში, ლოზუნგებსა და მოკლე ტექსტებში, სადაც სიტყვების რაოდენობა მაქსიმუმ 6 შეიძლება იყოს.

 

 

 

პირველ სვეტში დაშვებული შეცდომები:

  1. არასაკმარისი სიმკვეთრე - ტექსტი შეიძლება იმდენად ჩამქრალი იყოს, რომ მისი კითხვა გაჭირდეს.
  2. კონტრასტული ფერების გამოყენებაც ართულებს კითხვადობას და ღლის თვალს.
  3. მკვეთრ ფოტოზე ან „პატერნზე“, არაერთგვაროვან გამოსახულებაზე ტექსტის დატანა არ შეიძლება, რადგან კითხვის დროს ყურადღებას იპყრობს უკან მდებარე გამოსახულება. თვალი ვეღარ ხვდება, რას მიაქციოს ყურადღება, რომელია მნიშვნელოვანი.
  4. ნებისმიერი სახის ფონზე, რაც უნდა მსუბუქი იყოს ის, არ არის სასურველი დიდი ტექსტის დატანა. ასეთ დროს, ჯობია, ტექსტი და გამოსახულება ერთმანეთისგან განვაცალკევოთ.

უკიდურეს შემთხვევაში კი, სასურველია 5-6 სიტყვაზე მეტი არ დავიტანოთ გამოსახულებაზე, ისიც მხოლოდ ჩამქრალ და არა - ჭრელ ფონზე.

 
 

 

დაიმახსოვრეთ, შრიფტის მექანიკური გაწელვა სიგანეში ან სიმაღლეში ცუდად მოქმედებს შრიფტის აღქმადობაზე და გარჩევადობაზე. გაწელვა იწვევს წრიული ფიგურების დეფორმირებას და შტრიხის კონტრასტის (ჰოროზონტალური და ვერტიკალური შტირიხების) ერთმანეთთან შეფარდების შეცვლას.

 

 

 

დიზაინი არის ინფორმაციის დახარისხების საშუალება და, თუ ვლაპარაკობთ ინფორმაციის დახარისხებაზე, პირველ რიგში, ეს იწყება იერარქიის დადგენით. მნიშვნელოვანია, იერარქია იყოს დაცული, რადგან მკითხველისთვის უფრო ადვილი ხდება ინფორმაციის აღქმა. იერარქია შეიძლება შეიქმნას ზომის, შრიფტის სტილის, შტრიხის სისქით ან სხვა მეთოდით. მაგ. ჩვენთვის ბუნებრივია მარცხნიდან მარჯვნივ კითხვა, ამიტომ ყველაზე ხშირად მნიშვნელოვან ელემენტს განვათავსებთ მარცხენა ზედა კუთხეში.

 

 

 

როდესაც გვინდა, დავწეროთ ლოზუნგი, მოწოდება და გვინდა, იყოს უფრო დამაჯერებელი, სასურველია, გამოვიყენოთ მთავრული ასო-ნიშნები. თუ დააკვირდებით პოლიტიკური პარტიების საარჩევნო რეკლამებს, ნახავთ, რომ, უმეტეს შემთხვევაში, ისინი ამ მეთოდს იყენებენ.

 

 

 

Microsoft Word-ში ხშირად იყენებდნენ „WordArt“ ხელსაწყოს, რომლის საშუალებითაც შრიფტს ადებდნენ სტილებს: 3D ეფექტს, გარე და შიდა ჩრდილებს, გრადიენტებს, ტექსტის დატალღვას, რელიეფურ ამობურცვას და სხვა. თქვენ შეიძლება ამ ფორმით მიიქციოთ ყურადღება, მაგრამ ეს დაემსგავსება იაფფასიან გამოსახულებას. გადატვირთული ვიზუალი ზედმეტად იქცევს ყურადღებას და შინაარსზე აღარ ხდება ფოკუსირება.

 

 

 

ბუნებაში არ არსებობს ისეთი უნიკალური შრიფტი, რომ ყველა გამოსახულებას უხდებოდეს და იყოს სახასიათო. ეს იგივეა, რომ ყველას ერთი სახე გვქონდეს ან ფილმში ყველა მსახიობი ერთი ხმის ტემბრზე საუბრობდეს.

სასურველია, გამოვიყენოთ სხვადასხვა სახასიათო შრიფტი, წინააღმდეგ შემთხვევაში პირველი ნახვისას, სანამ შინაარს გაიაზრებს, ასოციაცია არ გაუჩნდება, ვერ მიხვდება მნახველი რომელია სახაჭაპურე, აფთიაქი, თუ ტექნიკის მაღაზია. შექმენით საკუთარი შრიფტი ან მიმართეთ შრიფტის დიზაინერს, რათა არ დაკარგოთ ინდივიდუალობა, იყოთ დასამახსოვრებელი. ასე თქვენ ხელს შეუწყობთ ქართული ფონტის განვითარებასაც და თქვენი ბრენდის გამოსახულებაც იქნება უნიკალური.

 

 

 

ხშირად არის პრობლემა როდესაც გვიგზავნიან რასტრულ გამოსახულებას (მაგ., ლოგოს JPEG, PNG, TIFF.. ფორმატით) და ჩვენ მისი გამოყენება არ შეგვიძლია. ფოტოზე არის ორი ციფრული გამოსახულება, რასტრული და ვექტორული. რასტრული გამოსახულება არის ბევრი სხვადასხვა ფერის პიქსელის ერთობლიობა, ამ პიქსელების ერთობლიობა კი ქმნის სურათს. რასტრული გამოსახულების ზომის შეცვლისას, გადიდება-დაპატარავებით იშლება პიქსელების წყობა და საბოლოოდ ვიღებთ დაშლილი პიქსელებისგან შემდგარ „უხარისხო“ ობიექტს.

ხოლო ვექტორული გამოსახულება წარმოადგენს გეომეტრიული ობიექტების ერთობლიობას. ვექტორულ პროგრამაში (მაგ., illustrator) კვადრატის დახატვისას, პროგრამა იმახსოვრებს კვადრატის გეომეტრიულ ფორმულას, რის გამოც ობიექტის გადიდებისას ან დაპატარავებისას პროგრამა ახლიდან ანგარიშობს ობიექტის ზომებს, ხარისხი არასდროს ფუჭდება და შეუძლებელია დაშლილი პიქსელების  დანახვაც.

ამიტომ როდესაც შექმნით გამოსახულებას ყოველთვის შეინახეთ მისი ვექტორული ფაილიც როგორიცაა: AI, SVG, EPS, PDF..  რადგან თავიდან აირიდოთ სხვადასხვა გამომსახველობით ზედაპირზე, დიდი ზომის ფორმატზე, უხარისხო გამოსახულებები ან არ მოგიწიოთ თავიდან გაკეთება.

 

 

 

 

ბრჭყალებს ხშირად ვიყენებთ, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი სწორად გამოყენება, პირველი ვარიანტი არ გამოიყენება არცერთ ენაში. მეორე არის ქართულისთვის და გერმანული ენებისთვის, მესამე - ინგლისურისთვის. თუ არ იცით, როგორ იწერება სწორად ქართული ბრჭყალი, კლავიატურით საწყისი ბრჭალისთვის გამოიყენეთ „~“ ღილაკი, ხოლო დასახური ბრჭყალისთვის shift-ი და იგივე ღილაკი.