3 მარტივი გზა, რათა არ მოვიტყუოთ მონაცემთა ვიზუალიზაციით

03 ივნისი 2016

ავტორი: nino.macharashvili

3 მარტივი გზა, რათა არ მოვიტყუოთ მონაცემთა ვიზუალიზაციით

Social: 

მონაცემების ვიზუალიზაცია საუკეთესო გზაა აუდიტორიამდე რთული და კომპლექსური მონაცემების მისატანად. თუმცა, ნებსით თუ უნებლიეთ, მონაცემთა ვიზუალიზაციის წესების უგულებელყოფით, შეიძლება შექმნათ ისეთი დიაგრამები, რომელიც მნახველს შეცდომაში შეიყვანს. ამ ბლოგპოსტში განხილულია 3 მარტივი გზა, რითაც შეიძლება თავიდან ავირიდოთ მონაცემების ვიზუალიზაციით მოტყუება. 

 1. დაიწყეთ Y ღერძის ათვლა 0-იდან

ზოგჯერ, როდესაც სვეტოვან, ხაზოვან ან წერტილოვან დიაგრამის Y ღერძზე განლაგებულია დიდი მნიშვნელობების მქონე მონაცემები, დიაგრამის ასაგებად გამოყენებული კომპიუტერული პროგრამები (ან დიზაინერები) ცდილობენ სივრცის დაზოგვას და, 0-ის ნაცვლად, ათვლას იწყებენ შუალედური მნიშვნელობიდან. ასე კი დიაგრამას შეცდომაში შეჰყავს მნახველი.  

მაგალითად: 

პირველი დიაგრამის მიხედვით, სადაც ნაჩვენებია 2010-2015 წლებში საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა, თუკი 2010 და 2011 წლების სვეტებს შევადარებთ ერთამენთს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ 2011 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. 

თუმცა, თუკი იმავე მონაცემების მიხედვით აგებულ მეორე გრაფიკს შევხედავთ, სადაც Y ღერძზე ათვლა 0-იდან იწყება, დავინახავთ, რომ 2011 წელს ტურისტების რაოდენობის ზრდა, წინა წელთან შედარებით, 40-50%-ზე მეტი არ ყოფილა. 

2. ერიდეთ ხატულებით რაოდენობრივი მნიშვნელობების ჩვენებას 

 

ზოგჯერ, მრავალფეროვნებისთვის, ვცდილობთ, რაოდენობრივი მნიშვნელობები ვიზუალურად სხვადასხვა ფიგურისა თუ ხატულის მეშვეობით გამოვსახოთ, მაგალითად, როგორიცაა სახლის ან ადამიანის ხატულა. თუმცა, ყოველთვის შესაძლებელია ხატულებითა და წრეებით ზუსტი პროპორციების ჩვენება? 

მაგალითად, თუ გვინდა ვაჩვენოთ, რომ ქვეყანაში ქალების 10% და მამაკაცების 53% მწეველია და ამისთვის თამბაქოთი შევსებულ ქალისა და კაცის ფიგურებს ვიყენებთ, როგორ განვსაზღვრავთ, ფიგურების რა ნაწილი უნდა შევავსოთ თამბაქოთი? შეძლებს ჩვენი აუდიტორია, ზუსტად განსაზღვროს ილუსტრაციით ნაგულისხმევი რაოდენობრივი მნიშვნელობები თანხმლები რიცხვების გარეშე? რის მიხედვით უნდა განსაზღვრონ მათ ფიგურის თამბაქოთი შევსებული პროცენტული წილი, ფიგურის სიმაღლის თუ მისი მთლიანი ფართობის? 

ასევე, რთულია, ფიგურების გამოყენებით შედარებითი მნიშვნელობების ჩვენება. მაგალითად, ვთქვათ, რომ სახლის  ხატულის გამოყენებით, გვინდა, გამოვხატოთ 2 სახლის ფართობი და შევადაროთ ისინი ერთმანეთს. თუკი პირველი ხატულით გამოხატული სახლის ფართობი 110 კვ. მეტრია, რამდენი იქნება მეორის ფართობი? რა უნდა შევადაროთ ერთმანეთს, ხატულის სიგანე, სიმაღლე თუ სახლის მთლიანი ფართობი? თუ ფართობის დაანგარიშებას გადავწყვეტთ, უნდა ჩავთვალოთ თუ არა საკვამური? ეს და სხვა დეტალები ართულებს ჩვენთვის სიზუსტის შენარჩუნებას ხატულების გამოყენებით რაოდენობრივი მნიშვნელობების ვიზუალიზაციისას და ჩვენს აუდიტორიასაც ურთულებს ვიზუალურად 2 ობიექტს შორის განსვავების შეფასებას.   

3. ერიდეთ კუმულაციური გრაფიკების გამოყენებას

როდესაც ადამიანებს სურთ, აჩვენონ ზრდადობა გარკვეული დროის განმავლობაში, ისინი მიმართავენ ე.წ. კუმულაციურ დიაგამებს (როდესაც ნაჩვენებია გარკვეული პერიოდის განმავლობაში მნიშვნელობების ჯამური რაოდენობა. მარტივად რომ ვთქვათ, ყოველი მომდევნო წლისთვის, მნიშვნელობას ემატება წლის წინ მონაცემები). 

მაგალითად, შევხედოთ გრაფიკს, რომელზეც ნაჩვენებია საქართველოში პანამადან ჩამოსული ვიზიტორების ჯამური რაოდენობა 2010-2015 წლებში. ვხედავთ, რომ ვიზიტორების რაოდენობა 2010 წლიდან ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

თუმცა, თუ მეორე გრაფიკს ავაგებთ, სადაც არა ჯამური, არამედ ყოველწლიური მონაცემებია ნაჩვენები, დავინახავთ, რომ პანამადან საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 2010 წლიდან 2015-მდე უფრო ხშირად კლების ტენდენციით ხასიათდება. 

ასე რომ, თუკი კუმულაციური დიაგრამის გამოყენებას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა განუმარტოთ თქვენს მკითხველს, რომ გრაფიკზე ნაჩვენებია ჯამური მაჩვენებლები და ზრდის ტენდენციაც სწორედ დაჯამებულ მონაცემებს მიემართება და არა აუცილებლად - ინდივიდუალურ მაჩვენებლებს.

ეს ის ძირითადი 3 წესია, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ მონაცემთა ვიზუალიზაციისას აუდიტორიის შეცდომაში შეყვანისგან თავის ასარიდებლად. დაიმახსოვრეთ, თქვენი მოვალეობაა მკითხველისთვის მონაცემების აღქმის გამარტივება და არა მისი დაბნევა, შეშინება თუ მოტყუება.