4 პირობა კარგი ინფოგრაფიკის შესაქმნელად

03 აგვისტო 2016

ავტორი: nino.macharashvili

4 პირობა კარგი ინფოგრაფიკის შესაქმნელად

Social: 

ინფოგრაფიკებმა და მონაცემთა ვიზუალიზაციებმა ბოლო დროს დიდი პოპულარობა მოიპოვეს, ვინაიდან ვიზუალური მასალა ყურადღებას იოლად იპყრობს და, გრძელ ანგარიშებთან და სტატიებთან შედარებით, ფართო აუდიტორიას უფრო ეფექტურად აწვდის ინფორმაციას.

თუმცა ვიზუალიზაციების რაოდენობის ზრდასთან ერთად, უნდა დავსვათ კითხვა: ყველა ინფოგრაფიკა აღწევს თავის მიზანს და წვდება ფართო აუდიტორიას? არის კი ყველა მათგანი კომუნიკაციის ეფექტური საშუალება და ახერხებს რთული ინფორმაციის მარტივად მიწოდებას?

სულაც არა. მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეულ ვიზუალურ მასალას ინფოგრაფიკა ან მონაცემთა ვიზუალიზაცია ჰქვია, არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად კარგია.

კარგი ინფოგრაფიკის შესაქმნელად გაითვალისწინეთ 4 რამ:
 

  1. მოყევით ამბავს

მხოლოდ მშრალი სტატისტიკური მონაცემებისა თუ რიცხვების ჩვენების ნაცვლად, მოყევით ამბავს, რომელსაც თქვენი მნახველი გაიგებს და თან აუხსენით, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ეს საკითხი. მაგალითად, თუ თქვენ ვიზუალურად გამოსახავთ მხოლოდ ქვეყანაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას, ადამიანმა, რომელმაც ამ თემაზე ბევრი არაფერი იცის, შეიძლება ვერ გაიგოს, რატომაა ეს სტატისტიკური მონაცემები მნიშვნელოვანი და გაუჩნდება კითხვა "მერე რა?". იმისათვის, რომ სტატისტიკა ამბად აქციოთ, ჩასვით მონაცემები კონტექსტში. ჩვენი მაგალითის შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს იმის ჩვენება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა ბოლო წლებში მზარდი ტენდენციით ხასიათდება, ან ის, რომ ქვეყანას ამ მაჩვენებლით რეგიონში პირველი ადგილი უჭირავს, რაც იწვევს ადამიანთა გარდაცვალებას, რისი თავიდან არიდებაც შესაძლებელი იყო. ამ შემთხვევაში, თქვენ სტატისტიკური მონაცემების გარდა, ხელთ გაქვთ ამბავი, რომელსაც თქვენი აუდიტორია გაიგებს და იგრძნობს, რომ მნიშვნელოვანია.

  1. მიანიჭეთ თქვენს ვიზუალიზაციას ფუნქცია

როგორც კი შეარჩევთ ამბავს და მთავარ გზავნილს, რისი მიწოდებაც გსურთ მნახველისთვის, უნდა შეარჩიოთ მისი კომუნიკაციისთვის ყველაზე ეფექტური ფორმა. ამ დროს უნდა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს მნახველს, უფრო მარტივად გაიგოს თქვენი ამბავი. დაფიქრდით ამ კითხვებზე: რა უნდა დაინახოს თქვენმა აუდიტორიამ ვიზუალიზაციის ნახვისას და როგორ უნდა გამოიყენოს თქვენ მიერ შექმნილი ვიზუალური მასალა? შესაბამისად, აირჩიეთ ისეთი გრაფიკული ფორმა, რაც დაეხმარება მკითხველს, დაინახოს ის ამბავი, ტენდენცია თუ პატერნი, რისი ჩვენებაც მისთვის გინდათ. ეს შეიძლება იყოს პროპორცია, ცვლილება დროთა განმავლობაში და ა.შ. მაგალითად, თუ გინდათ, აჩვენოთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა ბოლო პერიოდში იზრდება, ამის საჩვენებლად ყველაზე ეფექტური საშუალება შეიძლება ხაზოვანი დიაგრამა იყოს. არსებობს რეკომენდაციები, თუ რა სახის მონაცემებისთვის რომელი დიაგრამის გამოყენება ჯობია. დასაწყისისთვის გადახედეთ ჩვენს ბლოგპოსტს დიაგრამის 5 ძირითადი ტიპისა და მათი გამოყენების შესახებ.

 

  1. გახადეთ თქვენი ამბავი დასამახსოვრებელი

ვინაიდან თქვენს აუდიტორიას დღესდღეობით იმაზე მეტ ვიზუალურ მასალაზე მიუწვდება ხელი, ვიდრე ოდესმე, მისი ყურადღების მისაქცევად კონკურენცია საკმაოდ დიდია. წარმატების მისაღწევად საჭიროა, თქვენი ამბავი დასამახსოვრებელი გახადოთ, რათა მნახველთა მხოლოდ წამიერი ყურადღება კი არ მიიპყროთ, არამედ ხანგრძლივად დაამახსოვრდეთ მათ თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია. იმისათვის, რომ თქვენი ვიზუალური ამბავი დასამახსოვრებელი გახდეს, გაითვალისწინეთ 3 რამ:

  • გაამარტივეთ

თქვენ უნდა ეცადოთ და გაამარტივოთ არა მხოლოდ დიზაინი არამედ ვიზუალიზაციაზე დატანილი ინფორმაციაც. ნუ ჩადებთ ყველაფერს ერთ ინფოგრაფიკაში. დაიმახსოვრეთ, ჩვენი ინფოგრაფიკის მკითხველის ყურადღები შეუზღუდავი არაა: თუ ძალიან ბევრს ვაჩვენებთ, ის მხოლოდ ნაწილს დაინახავს, ხოლო თუ ინფორმაციასა და მონაცემებს გავამარტივებთ, მისი ყურადღება ფოკუსირდება მნიშვნელოვან ნაწილზე და მეტი შანსია იმისა, რომ სრულად მოახერხებს მიწოდებული ინფორმაციის აღქმას.

  • ჩართეთ ემოციები

როგორც ჟურნალისტიკაზე მასწავლეს, ხალხს აინტერესებს ამბები, რომლებიც დაკავშირებულია ან მათ გრძნობებთან ან ჯიბესთან. აუხსენით თქვენს მკითხველს, რატომ ეხებათ ეს საკითხი მათ და ეცადეთ, გამოიწვიოთ შესაბამისი ემოციები.  

  • ნათლად და გულახდილად მიუთითეთ თქვენი წყაროები ნდობის მოსაპოვებლად

ხალხი სკეპტიკურად უყურებს იმ შოკისმომგვრელ ვიზუალურ მასალას, რასაც ყოველდღიურად ინტერნეტში აწყდება. მათი ნდობის მოსაპოვებლად აუცილებელია, ნათლად და გასაგებად აუხსნათ მათ, რა არის თქვენი მონაცემთა წყარო და როგორ მიხვედით იმ ამბამდე, რასაც ინფოგრაფიკაში აჩვენებთ. ხანდახან ინფოგრაფიკაზე დატანილი ამბავი რთულ გამოთვლებსა და მეთოდოგოლოგიას ეფუძნება, მაგრამ განსაკუთრებით ამ შემთხვევაშია მნიშვნელოვანი, განუმარტოთ მკითხველს, თუ როგორ მიხვედით ამ შედეგებამდე.

 

  1. გამოიყენეთ მარტივი და სუფთა დიზაინი

მკითხველის ყურადღების მისაპყრობად კარგი დიზაინი გჭირდებათ. თუმცა კარგი დიზაინი აუცილებლად რთულ გრაფიკულ ელმენტებსა და დიაგრამებს არ გულისხმობს. სიმარტივე აქაც საუკეთესო გამოსავალია. კარგი დიზაინის შექმნა იოლი საქმე არაა, თუმცა კარგი დიზაინისთვის გემოვნების განვითარება ნამდვილად შესაძლებელია. [გაეცანით ამ თემაზე ბლოგპოსტს.] თქვენი დიზაინის გასაუმჯობესებლად გაითვალიწინეთ შემდეგი პირობები:

  • შეარჩიეთ ფერები

არ გამოიყენოთ ბევრი ფერი ერთ ვიზუალიზაციაში. აირჩიეთ ფერები, რომლებიც ერთმანეთს კარგად ეხამება. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ ხელსაწყოები (მაგ., coolors.co) ან შეარჩიოთ ფერები უკვე შექმნილი ინფოგრაფიკიდან ფერის განმსაზღვრელი ხელსაწყოთი (მაგ., Chrome’s eye-dropper).

  • დაგეგმეთ სივრცე

რთული და გადატვირთული ვიზუალიზაცია ღლის ჩვენს თვალებს, რაც ართულებს მასალის წაკითხვას და გაგებას. კარგად დაგეგმილი და განაწილებული სივრცით შეგვიძლია, მივცეთ თვალს დასვენების საშუალება. ასევე, სივრცეების გამოყენებით, შეგვიძლია გამოვყოთ ბლოკები, დიაგრამები და ტექსტი. აუციელებლია საკმარისი სივრცის დატოვება ვიზუალიზაციის კიდეებთანაც. სივრცის სწორად დაგეგმვით, ვეხმარებით მკითხველს, გზა გაიგნოს და სწორად წაიკითხოს ინფოგრაფიკა და ფოკუსირდეს ვიზუალიზაციის მნიშვნელოვან ნაწილზე.

  • წაშალეთ ზედმეტი ელემენტები

თუ გარკვეული გრაფიკული ელემენტი არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი იმისათვის, რომ თქვენმა მკითხველმა ვიზუალიზაცია გაიგოს ან გამოიწვიოს ემოციები, წაშალეთ ის. იგივე ეხება ზედმეტ ტექსტსაც. ძალიან ხშირად ასეთი ელემენტები შეიძლება იყოს დიაგრამების ბადეები, რომლებიც ნაკლებად გამოსაყენებელია და მათი წაშლით შესაძლებელია ჩვენი დიზაინი უფრო მარტივი და სუფთა გახდეს.

გახსოვდეთ, კარგი დიზაინის მქონე ვიზუალიზაცია იქცევს მკითხველის ყურადღებას. ცუდი (ზედმეტი) დიზაინის მქონე ვიზუალიზაციას კი შეუძლია დააფრთხოს და დაგაკარგვინოთ მკითხველი.

 

ასე რომ, როდესაც ინფოგრაფიკის გაკეთებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ ეს რჩევები: მოყევით ამბავს, გაამარტივეთ ინფოგრაფიკა და მიანიჭეთ თქვენს ვიზუალიზაციას გარკვეული ფუნქცია. გაგვიზიარეთ თქვენ მიერ შექმნილი კარგი ინფოგრაფიკები ფეისბუქსა or LinkedIn-ზე!

პროგრამა/პროგრამები: