50 ქალის ბრძოლა ცვლილებებისთვის: ამბავი, რომელიც გრძელდება

29 თებერვალი 2016

ავტორი: nino.macharashvili

50 ქალის ბრძოლა ცვლილებებისთვის: ამბავი, რომელიც გრძელდება

Social: 

გასული წლის მიწურულს ჯამპსტარტს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს თანამშრომლები ესტუმრნენ. ეთუნას, ფონდის გენდერული პროგრამის კოორდინატორს, და მის კოლეგას, თამუნას, რომლებიც ბიოლის ფონდში გენდერული დემოკრატიის მიმართულებაზე მუშაობენ, სურდათ, ყველასთვის მოეთხროთ თავიანთი ერთერთი პროექტის წარმატების შესახებ, რომელიც ეხება 50 ქალის ცხოვრებასა და მოღვაწეობას საქართველოში. 

თავდაპირველად პროექტი დაიწყო ღია ბარათების კრებულის სახით, რომელიც აერთიანებდა XIX-XX საუკუნეებში მცხოვრები იმ 50 ქალის ისტორიას, რომელთაც თავიანთი საქმიანობით საქართველო შეცვალეს. მათ შორის იყვნენ მწერლები, მეცნიერები, მსახიობები, მხატვრები, სპორტსმენები და სხვა საზოგადო მოღვაწეები. ამ ქალების დამსახურებით, ბევრი სტერეოტიპი შეირყა საქართველოში ქალის როლის შესახებ. მათ შორის გამორჩეულია მთამსვლელი ალექსანდრა ჯაფარიძეს ისტორია, რომელმაც კავკასიონის მწვერვალები მრავალჯერ დალაშქრა, საფუძველი ჩაუყარა ქართულ ალპინიზმს და იყო პირველი მთამსვლელი ქალი, რომელმაც ფეხი დადგა თეთნულდსა და უშბაზე. 
ალექსანდრასა და დანარჩენი 49 ქალის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ მეტი პროექტის ვებგვერდიდან

50 ქალის ცხოვრების ამსახველი ბარათების დაბეჭდვას მოჰყვა საჯარო ლექციების სერია საქართველოსა და სომხეთში გენდერსა და ფემინიზმზე, პუბლიკაციების გამოცემა და დოკუმენტური ფილმის მომზადება. პროექტის გუნდმა, ასევე, გამართა შეხვედრები თბილისის საკრებულოსთან იმისათვის, რომ თბილისის მეტ ქუჩას დაერქვას გამოჩენილ ქალთა სახელები. პროექტის წარმატების შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ ბიოლის ფონდისთვის შექმნილი ჩვენი ინფოგრაფიკიდან.  

ბრძოლა, რომელიც 50 ქალმა დაიწყო საქართველოში ქალების საზოგადოებრივ როლზე გამეფებული სტერეოტიპული შეხედულებების დასამსხვრევად, დღესაც გრძელდება. ჯამპსტარტი იწყებს 8-დღიან კამპანიას იმ აქტუალური საკითხების წინ წამოსაწევად, რომელიც ქვეყანაში გამეფებულ გენდერულ უთანასწორობას ეხება. თვალი ადევნეთ და შემოუერთდით ჩვენს კამპანიას სოციალურ მედიაში ჰეშთეგების გამოყენებით: ‪#‎IWD2016‬ ‪#‎rightsnotflowers‬ ‪#‎8მარტი‬ ‪#‎უფლებებიყვავილებისნაცვლად‬ 

 

პროგრამა/პროგრამები: 
ფაილი: