დიაგრამის 5 ძირითადი ტიპი და მათი გამოყენების წესები

28 აპრილი 2016

ავტორი: nino.macharashvili

დიაგრამის 5 ძირითადი ტიპი და მათი გამოყენების წესები

Social: 

ხშირად ყოფილხართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ხელთ მონაცემების დასტა გაქვთ და არ იცით, როგორ გამოსახოთ ვიზუალურად? გიჭირთ არჩევა იმ ათობით ვარიანტიდან, რასაც კომპიუტერული პროგრამები გთავაზობთ: წრიული, ხაზოვანი, წერტილოვანი, ზედაპირული დიაგრამები და ა.შ. რომელია საუკეთესო? რომლით მიიტანთ თქვენს სათქმელს აუდიტორიამდე ყველაზე ეფექტურად? 

პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დაუსვათ კითხვები:  

  • ვინ არის ჩემი აუდიტორია? 
  • როგორ უნდა გამოიყენოს ჩემმა აუდიტორიამ ამ დიაგრამით მიწოდებული ინფორმაცია?  
  • რა არის ამ ვიზუალიზაციის მთავარი გზავნილი/ამბავი? 
  • რისი ჩვენება მინდა?  

ბოლო კითხვის პასუხი განსაზღვრავს იმას, თუ რომელი ტიპის დიაგრამა უნდა გამოიყენოთ თქვენი მიგნების საჩვენებლად. ამ პოსტში განვიხილავთ 5 ძირითადი ტიპის დიაგრამას და იმას, თუ როდის და როგორ უნდა გამოვიყენოთ ისინი. 

1. ვერტიკალური სვეტოვანი დიაგრამა
ვიყენებთ, როცა გვსურს რამდენიმე მონაცემის ერთმანეთისთვის შედარება. სვეტოვანი დიაგრამის გამოყენებისას, მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ, რომ Y ღერძზე მონაცემების ათვლა იწყება 0-იდან, რათა არ დავარღვიოთ მასშტაბი და ჩვენი გრაფიკით მკითხველი შეცდომაში არ შევიყვანოთ. ასევე, მკითხველისთვის მონაცემების ერთმანეთთან შედარების გასამარტივებლად, კარგია, თუ მონაცემებს ზრდადობით ან კლებადობით დავაწყობთ, სწორედ იმის მიხედვით, თუ რისი ჩვენება გვინდა დიაგრამით. 

 

2. ჰორიზონტალური სვეტოვანი დიაგრამა
ჰორიზონტალური სვეტოვანი დიაგრამა ვერტიკალური სვეტოვანი დიაგრამის მსგავსია, თუმცა მისი გამოყენება შეგიძლიათ მაშინ, როდესაც ბევრი მონაცემების ერთმანეთთან შედარება გსურთ. ჰორიზონტალური სვეტოვანი დიაგრამის შემთხვევაში, ნაკლებად იქნებით სვეტების რაოდენობაში შეზღუდული განსხვავებით ვერტიკალური დიაგრამისგან, სადაც სვეტების რაოდენობა შეიძლება შეზღუდული იყოს გვერდის სიგანის შესაბამისად.

 

 

3. წრიული დიაგრამა
წრიულ დიაგრამას ვიყენებთ, როცა გვსურს მთელის პროცენტული დანაწილების ჩვენება. გახსოვდეთ, ჯამი უნდა შეადგენდეს 100%-ს. აუცილებელია, დიაგრამაზე ნაჩვენები იყოს არა მხოლოდ მთელის შემადგენელი ნაწილების მნიშვნელობები პროცენტებში, არამედ მთელის აბსოლუტური მნიშვნლობაც, როგორც ჩვენს მაგალითში, სადაც მოცემული გვაქვს 2015 წლის 6 თვის განმავლობაში ფულადი გზავნილების პროცენტული დანაწილებაც და ისიც, რომ ჯამში ფულადი გზავნილების რაოდენობამ 538,638,800 აშშ დოლარი შეადგინა.  სასურველია, რომ წრიული დიაგრამა არ იყოს ძალიან დანაწევრებული და 7 ნაწილზე მეტად არ იყოს დაყოფილი, რადგან ერთ დიაგრამაზე ბევრი მცირემნიშვნელობიანი ნაწილის ჩვენების შემთხვევაში, ჩვენს აუდიტორიას გაუჭირდება მისი შემადგენელი ნაწილების ერთმანეთთან შედარება. შესაძლებელია, რომ მცირე მნიშვნელობის მქონე ნაწილები დააჯგუფოთ და შემდეგ მათ შორის დაყოფა აჩვენოთ ცალკე დიაგრამაზე, როგორც ეს ჩვენს მაგალითშია გაკეთებული. 

 

 

4. ხაზოვანი დიაგრამა
ხაზოვანი დიაგრამა გამოიყენება მაშინ, როდესაც გვინდა დროთა განმავლობაში ცვლილების ჩვენება. შეიძლება ერთ დიაგრამაზე გვქონდეს რამდენიმე ხაზი, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის მნიშვნელობების დროთა განმავლობაში და ერთმანეთთან მიმართებით ცვლილებას აჩვენებდა. 

 

 

5. წერტილოვანი დიაგრამა
როცა ორ ცვლადს შორის ურთიერთმიმართების ჩვენება გვინდა, ვიყენებთ წერტილოვან დიაგრამას. მაგალითად, თუ გვინდა, დავინახოთ, როგორი მიმართება არსებობს ქვეყნის კიბერმეკობრეობის დონესა და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს შორის,  წერტილოვანი დიაგრამით ამ ორ ცვლადს შორის კორელაციას ვაჩვენებთ. აქ სიფრთხილე გვმართებს და მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ 2 ცვლადს შორის კორელაცია არ გულისხმობს ამ ცვლადებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. 

 

 

 

ბონუსად: ცხრილი 
ზოგჯერ მონაცემების გადმოცემის საუკეთესო ფორმა ცხრილის გამოყენებაა. ეს იმ შემთხვევაში, როცა: 

 

  • მისი გამოყენების ძირითადი დანიშნულება კონკრეტული მნიშვნელობების სწრაფად მოძებნაა;  
  • გვაქვს დიდი მოცულობის მონაცემები, რომელთა სრულყოფილად ჩვენებაა საჭირო; 
  • ინფორმაცია, რომლის ვიზუალურად ჩვენებაც გვსურს, შეიცავს სხვადასხვა ტიპის მონაცემებს, გამოხატულს სხვადასხვა საზომ ერთეულში. 

 

ზოგადი რეკომენდაციები მონაცემთა ვიზუალიზაციის შესაქმნელად:  

მოერიდეთ სამგანზომილებიან დიაგრამებს 
დიაგრამის 3 განზომილებაში ჩვენება უცვლის დიაგრამას მისი შემადგენელი ნაწილების ზედაპირის მოცულობას. ეს კი გვირთულებს, ვიზუალურად  აღვიქვათ დიაგრამის ნაწილებს შორის განსხვავებები.  ზოგიერთისთვის შეიძლება სამგანზომილებიანი დიაგრამა მიმზიდველი, განსხვავებული და საინტერესო იყოს, თუმცა 3 განზომილებაში გამოსახული დიაგრამები კარგავენ ვიზუალიზაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებელს: ფუნქციურობას. ამიტომაც არ არის რეკომენდებული მათი გამოყენება. 

გაამარტივეთ მონაცემები და დიაგრამები
როდესაც გარკვეულ მონაცემებთან დღეების, კვირების და თვეების განმავლობაშიც კი ვმუშაობთ, გვეჩვენება, რომ ყველა დეტალი მნიშვნელოვანია და ერთ დიაგრამაში ყველაფრის ჩვენება გვინდა. სამწუხაროდ, ჩვენი აუდიტორია მონაცემებით ჩვენს აღფრთოვანებას არ იზიარებს და ურჩევნია, რაც შეიძლება გამარტივებული ფორმით მივაწოდოთ ინფორმაცია. ყურადღება, რომელსაც ჩვენი მკითხველისგან მივიპყრობთ, არ არის შეუზღუდავი და გვჭირდება, მოკლე დროში მოვახერხოთ მათთან ჩვენი სათქმელის მიტანა. სიმარტივე ამ შემთხვევაში ნამდვილად გვეხმარება. ჩახლართული და რთული გრაფიკები ადამიანებს აშინებს. ჩვენი მკითხველის ყურადღების დაკარგვა კი ნამდვილად არ გვინდა. 

გატესტეთ თქვენი ვიზუალიზაციები
თითოეული ვიზუალიზაცია, რომელსაც ჯამპსტარტში ვქმნით, მთლიან გუნდს ეგზავნება. მათგან ვიღებთ შეფასებებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი ნათელი და გასაგებია. ამის შემდეგ, ვიზუალიზაციებს ვუზიარებთ ჯგუფს, რომელსაც არაფორმალურად JumpStart External Review Board-ს ვეძახით, და მათგან ვიღებთ შეფასებას ვიზუალიზაციის საბოლოოდ გამოქვეყნებამდე. თქვენც შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ! სანამ ვიზუალიზაციას ანგარიშში, პრეზენტაციაში ან სტატიაში გამოიყენებთ, აჩვენეთ ის კოლეგებს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. თუ ისინი ვერ გაიგებენ თქვენს დიაგრამას, ესე იგი, მას დამატებითი მუშაობა და გაუმჯობესება სჭირდება.  

გახსოვდეთ, ვიზუალიზაცია მკითხველს უნდა დაეხმაროს, უკეთ და მარტივად აღიქვას მონაცემები და არა - პირიქით!  მომდევნო პოსტებში სწორედ ისეთ ვიზუალიზაციებზე ვისაუბრებთ, რომლებიც, საქმის გამარტივების ნაცვლად, მონაცემების გაგებას ართულებენ. დაგველოდეთ! 

 

 
პროგრამა/პროგრამები: