გაწუხებთ ონლაინ დაუცველობა?

07 აპრილი 2017

ავტორი: jason.addie

გაწუხებთ ონლაინ დაუცველობა?

Social: 

იცი, რა არის ისეთი დაავადების მიზეზები და სიმპტომები, როგორებიცაა გულის შეტევა, ინსულტი და მაღალი არტერიული წნევა? სავარაუდოდ, იცი, რადგან ეს დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია. მაგრამ რა იცი ნაკლებად გავრცელებულ დაავადებებზე? ალბათ იცი, რომ არსებობს და მათ მძიმე შედეგების მოტანა შეუძლიათ, მაგრამ ამაზე დარდს არ აპირებ, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება.

 

ცოტა ხნის წინ დავფიქრდი, რომ ონლაინ უსაფრთხოებასაც იმავე მეთოდით ვუდგებით - ვიცით არსებული რისკებისა და შესაძლო ცუდი შედეგების შესახებ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ გამომწვევი მიზეზები და რისკები ძალიან ტექნიკური, ჩახლართული ან იშვიათია. ეს კი  გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი დროის ხარჯვად არ ღირს პრობლემის სათანადოდ გაგება მანამ, სანამ ძალიან გვიანი არ არის და ჩვენი იდენტობა არ მოუპარავთ, ჩვენი სოციალური მედიის ანგარიში არ გაუტეხავთ ან ჩვენი ბანკის ანგარიში არ გამოუცარიელებიათ.

 

სიმართლე რომ ვთქვათ, საკუთარი თავის დაცვა საკმაოდ ჩახლართული და ტექნიკურია, მაგრამ ტიპური ონლაინ მომხმარებლისთვის არსებობს რამდენიმე მარტივი ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია ყველაფრის დაკარგვის საშიშროებიდან უსაფრთხო მომხმარებლად გაქციოს. ორი მიზეზი, რისი ამოცნობაც მარტივად შეიძლება და რაც ონლაინ დაუცველობას იწვევს ვებგვერდებთან სახიფათო კავშირები და მარტივად გამოსაცნობი პაროლების დაყენებაა. შენ ვერ აკონტროლებ უსაფრთხო კავშირს, როცა ვებგვერდები და სერვერები სათანადო უსაფრთხოების ზომებს არ იყენებენ შენი მონაცემების დასაცავად. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ პოსტში ვებგვერდების კავშირებზე ვისაუბრებ, მომავალ პოსტებში კი სხვა პრობლემებსაც შევეხები.

 

დაავადების განსაზღვრა - სახიფათო კავშირები

 

კავშირი არის მონაცემთა მიღება და გაგზავნა შენს მოწყობილობასა და ვებგვერდს შორის. სამწუხაროდ, ზოგიერთს შეუძლია, შენს კავშირში შემოიპაროს და გაგზავნილი და მიღებული ინფორმაცია ნახოს - დაახლოებით ისე, როგორც ფილმებში, სადაც სატელეფონო საუბრებს უსმენენ. როდესაც კავშირი არ არის უსაფრთხო, ვიღაც, ვისაც შენს მონაცემებზე აქვს წვდომა, ხედავს ყველაფერს, რასაც შენ აკეთებ. თითქოს გვერდით გიზის და გიყურებს. მას შეუძლია, ნახოს შენი იმეილები, პირადი მიმოწერები, პაროლები, სახლის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ბანკის ანგარიშის ნომერი, დიალოგები მეგობრებთან და შეყვარებულთან, ნებისმიერი რამ, რასაც ონლაინში აკეთებ. ეს კი არც ისე სასიამოვნოა.

 

საბედნიეროდ, შენ შეგიძლია თავიდან აიცილო ეს დაავადება დაცული კავშირის გამოყენებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ის მონაცემები, რომელსაც შენ გზავნი და იღებ, არის დაშიფრული. მაგალითისთვის, თუ ონლაინ ყიდვას აპირებ და შენი საბანკო ანგარიშის შეყვანა გიწევს, ადამიანი, რომელიც შენს კავშირებს უყურებს, შენს საბანკო ანგარიშს ხედავს შემდეგნაირად:

  • დაუცველი კავშირის დროს: 1234 5678 9012 3456

  • დაცული კავშირის დროს:  Oygf7XFjPfWtZ2MJOSJymNrIHLx4lhoTCK8uThovTYE=

ამ პიროვნებას ძალიან გაუჭირდება იმის გაგება, რომ ეს შემთხვევითი ასოები შენი საბანკო ანგარიშის ნომერს წარმოადგენს და უფრო გაუჭირდება ამ ასოების გარდაქმნა შენი საბანკო ანგარიშის ციფრებად. ეს იდეალური სიტუაციაა.

 

დაუცველი კავშირების ნიშნები

 

შენ შეგიძლია, გაარკვიო, დაცული კავშირი გაქვს თუ არა, თუ გაითვალისწინებ შემდეგს: პირველ რიგში, უნდა ნახო, რომ URL იწყება https-ით და არა http-ით. თუ ვერ ნახავ ვერც https და http-ს, შეგიძლია, დაასკვნა, რომ URL, რომელიც იწყება http-ზე, არ არის უსაფრთხო. მეორე, ყველა ბრაუზერს უნდა ჰქონდეს პატარა მწვანე ბოქლომის გამოსახულება lock.png, რათა მიხვდე, რომ საიტით სარგებლობა უსაფრთხოა. მაგალითად, ასე გამოიყურება ბრაუზერები, როდესაც ჯამპსტარტის ვებგვერდზე შედიხარ:

Mozilla Firefox - jumpstart-ff.png

Google Chrome - jumpstart-chrome.png

 

თუ ამ მწვანე ბოქლომს ვერ ნახავთ, უნდა დაასკვნათ, რომ კავშირი არ არის უსაფრთხო და, შესაბამისად, ფრთხილად უნდა იყოთ, რა ინფორმაციას განათავსებთ ამ ვებგვერდზე.

 

სამწუხაროდ, არც ისე მარტივია ადამიანებისთვის მწვანე ბოქლომის გამოსახულების არყოფნის შემჩნევა, მათთვის უფრო მარტივია, უთხრა, არსებული საფრთხის შესახებ. სწორედ ამის გაკეთება დაიწყეს 2017 წელს გუგლის ქრომმა  და მოზილას ფაიარფოქსმა-მა.

 

ქრომის და ფაიარფოქსის უახლესი ვერსიები ნაცრისფერი ბოქლომის გამოსახულებას გვთვაზობს, რომელიც წითელი ჯოხითაა გადახაზული, რაც იმის მანიშნებელია, რომ კავშირი უსაფრთხო არაა. მაგალითად, ასე გამოიყურება ინტერპრესნიუსის საიტი ფაიარფოქსზე:

 

ipn-ff.png

ამჟამად ქრომი და ფაიერფოქსი გამაფრთხილებელ გამოსახულებებს გვიჩვენებენ მხოლოდ მაშინ, თუ ბრაუზერები დაადგენენ, რომ ვებგვერდები გარკვეულ ფორმას იყენებენ, რათა მომხმარებლის კრედიტ ბარათის ინფორმაცია გაიგონ. თუმცა, უახლოეს მომავალში, ორივე ბრაუზერი მსგავს გამოსახულებას გამოიყენებს ყველა იმ URL-ისთვის, რასაც https-ს არ ექნება.

ამ გამოსახულების ნახვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლია, თუ ბრაუზერის უახლეს ვერსიას იყენებ. ზოგადად, საუკეთესო თავდაცვისთვის, ყოველთვის უმჯობესია, თუ ყველა ოპერაციულ სისტემას, პროგრამასა და აპლიკაციას უსაფრთხოების უახლესი ვერსიები ექნება.

 

ჩემი აპლიკაციები უსაფრთხო კავშირებს იყენებენ?

 

ბრაუზერები საქმეს ამარტივებენ, რათა გაიგო, უსაფრთხო კავშირი გაქვს თუ არა. სამწუხაროდ, აპლიკაციები ასეთი გამჭვირვალეები არ არიან ამ მიმართულებით. კითხვაზე - ესა თუ ის აპლიკაცია იყენებს თუ არა დაცულ კავშირს, პასუხი ან აპლიკაციის მაღაზიის გვერდზე უნდა მოძებნოთ, ან მათ საიტზე შეხვიდეთ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ფორუმზე დასვათ კითხვა. აპლიკაციები ნელ-ნელა მიიწევენ წინ დაცული კავშირების მხრივ, მაგრამ ყველა მათგანი ამ გზას არ იყნენებს. მაგალითად, Signal და WhatsApp  მესიჯების გაგზავნისთვის პოპულარული აპლიკაციებია, რომლებიც ყოველთვის  იყენებენ დაცულ კავშირებს. თუმცა, Facebook Messenger, არანაკლებ პოპულარული აპლიკაცია, მხოლოდ მაშინ იყენებს დაცულ კავშირებს, როცა თავად მიუთითებ, რომ “საიდუმლო” მესიჯის გაგზავნა გსურს.

 

გაიკეთე იმუნიზაცია დაუცველი კავშირებისგან

 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, შენი კავშირი დაცულია, თუ ვებგვერდს აქვს https და მწვანე ბოქლომის გამოსახულება. სამწუხაროდ, ვებგვერდის მეპატრონე წყვეტს, ექნება თუ არა ვებგვერდს https და არა შენ. საბედნიეროდ, არსებობს გზა, როგორ აკონტროლო უსაფრთხო კავშირის არსებობა, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა URL-ს  http ან https.

 

როდესაც ვებგვერდზე შედიხარ, შენი მოწყობილობა პირდაპირ უკავშირდება სერვერს, რომელზეც ვებგვერდია განთავსებული და ეს კავშირი შესაძლოა, არ იყოს უსაფრთხო. თუ გინდა დაცულ სერვერზე შეხვიდე, სანამ ვებგვერდზე შეხვალ, ამისთვის ერთი მომსახურების გამოყენება შეგიძლია. შენი კავშირი ამ ახალ სერვერთან ყოველთვის იქნება დაცული და დაშიფრული, ნებისმიერ ვებგვერდის გამოყენების შემთხვევაში. ეს სერვისი ცნობილია როგორც VPN  ან ვირტუალური პირადი ქსელი.

 

VPN-ის სერვისის გამოყენების განსხვავებული გზები არსებობს. ყველაზე მარტივია ბრაუზერის ფლაგინი, რომელიც შენი ყველა ბრაუზერის ტრაფიკს დააკავშირებს VPN-ის სერვერზე ან საშუალებას მოგცემს, შეცვალო ბრაუზერები და გამოიყენო Tor Browser-ი, რომელიც ავტომატურად გაგზავნის ყველა ტრაფიკს VPN-ის სერვერზე. ეს შეიძლება ერთი და იგვივე ჩანდეს, მაგრამ მათ შორის პატარა განსხვავებაა. პირველი ვარიანტი მხოლოდ ბრაუზერის ტრაფიკს აკონტროლებს, მეორე ვარიანტი კი  მთელ ინტერნეტ კავშირს, რასაც შენი მოწყობილობა იყენებს, ბრაუზერის ან აპლიკაციის მეშვეობით. მაგალითად, თუ სკაიპს დააინსტალირებ, პირველი ვარიანტი არ დაგეხმარება შენი კავშირის უსაფრთხოების დაცვაში, მეორე ვარიანტი - დაგეხმარება.

 

რამდენიმე ფაქტს გეტყვით VPN-ის შესახებ. არსებობს VPN სერვისები, რომლებიც უფასოა, თუმცა თვიურ სიჩქარეს გიზღუდავთ. ეს პრობლემას არ გიქმნით იმეილებისა და მესიჯების გაგზავნაზე, თუმცა ცუდად მუშაობს ვიდეოების ყურებისას. თუ VPN სერვისის ყოველდღიურად გამოყენებას გეგმავთ, მოძებნეთ ისეთი პროვაიდერები, რომლებსაც თვიური შეზღუდვა არ ექნებათ სიჩქარეზე. ზოგიერთი VPN სერვისი ინახავს შენს აქტივობებს ბრაუზერის ისტორიაში, მაშინაც კი, როდესაც შენი კავშირი დაშიფრულია. მთავრობამ შეიძლება, მოითხოვოს ისტორია, თუ რა საიტებზე შეხვედი. ზოგადად, არსებობს VPN-ის სერვერების სია, საიდანაც შეგიძლია ამოარჩიო შენთვის სასურველი. ეს სერვერები მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა. თუ ისეთ სერვერს ამოარჩევ, რომელიც შორსაა, შენი კავშირი შეიძლება ცოტათი ნელი იყოს, ვინაიდან მონაცემები შორს იგზავნება. და ბოლოს, როდესაც VPN სერვისს ეძებთ გამოსაყენებლად, შეადარეთ ფასები და სერვის პროვაიდერების მიმოხილვები, რათა ნახოთ, კმაყოფილები არიან თუ არა სხვა ადამიანები ამ პროდუქტით.

 

დასკვნა

 

რომ შევაჯამოთ, ინტერნეტის გამოყენება უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე საშუალებას აძლევს პოტენციურ ჰაკერებს, შენი იდენტობა და ფული მოიპარონ. თავდაცვისთვის სენსიტიური ინფორმაცია მხოლოდ დაცულ ვებგვერდებს გაუზიარე. შენ შეგიძლია მიხვდე, რომ გვერდი დაცულია, თუ მისი URL იწყება https-ით და არა http-ით და, აგრეთვე, თუ მწვანე ბოქლომის გამოსახულება ხატია URL-ის გვერდით. და ბოლოს, შეგიძლია შენი კავშირი უსაფრთხო გახადო, თუ VPN სერვისს გამოიყენებ.

 

გახსოვდეს, რომ ეს რჩევები გამოგადგება მხოლოდ ონლაინ დაუცველობის თავიდან ასაცილებლად. არსებობს სხვა გზებიც, როგორ შეიძლება დარწმუნდე, რომ მაქსიმალურად დაცულ ინტერნეტს იყენებ. დაელოდე მომავალ პოსტებს პაროლების შესახებ და ვინც საკუთარ ვებგვერდს ფლობს, იმაზე, თუ როგორ გავხადოთ საიტები უსაფრთხო.

 

წარმატებებს და დაცულ ბრაუზინგს გისურვებთ!