გამჭვირვალე სახელმწიფო ბიუჯეტის ძიებაში

08 თებერვალი 2017

ავტორი: nathan.shane

გამჭვირვალე სახელმწიფო ბიუჯეტის ძიებაში

Social: 

 

სექტემბრიდან მოყოლებული  საქართველოს ბიუჯეტის ინტერაქტიული ვიზუალიზაციის  შექმნაზე ვმუშაობ (ამჟამად ბეტა ვერსია არსებობს, ასე რომ, თუ რამე პრობლემას აღმოაჩენთ,  აუცილებლად გაგვაგებინეთ). მე ჯამპსტარტში ვებდეველოპერად ვმუშაობ  და ჩემს კოლეგებთან ერთად უამრავ დროს ვუთმობ ბიუჯეტის მონაცემების გაანალიზებას, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან მივიღეთ. იმ პროექტებიდან, რომლებზეც ჯამპსტარტში მიმუშავია, ეს ყველაზე მეტად მომწონს ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, ამ პროექტზე მუშაობისას უამრავი ტექნიკურ გამოწვევასთან გამკლავება მომიწია, მეორეც -  ჩვენი მიზანი ღირებულია. ბოლობოლო, საქართველოს რიგით მოქალაქეს საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ მარტივად მიიღოს ინფორმაცია ქვეყნის დანახარჯების შესახებ.

გასულ კვირას ჩემს კოლეგასთან, ნინო მაჭარაშვილთან, ერთად საშუალება მქონდა, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს შევხვედროდი, მათ შორის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, და გვესაუბრა ბიუჯეტის იმ მონაცემებზე, რომლითაც მონაცემთა პორტალს ვქმნით. ჩვენ ვაჩვენეთ პორტალი და ავუხსენით, როგორ დაეხმარება ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს და სხვა ნებისმიერ ადამიანს საქართველოს ეროვნული ბიუჯეტის მონაცემების მიღებაში.

ჩვენ ძალიან გაგვიხარდა, როცა გავიგეთ, რომ სამინისტრო თავად აპირებს  ქვეყნის ოფიციალური ბიუჯეტის მონაცემებით პორტალის შექმნას და მისთვის AP-ის დამატებას. თუ არ იცით, რას ნიშანვს  API, არ იდარდოთ - ამავე ბლოგპოსტში აუცილებლად აგიხსნით მის მნიშვნელობას და იმას, თუ რატომ გვინდა მე და ჩემს კოლეგებს, სახელმწიფომ ოფიციალური ბიუჯეტის  API შექმნას.  

როცა ნინომ ამ პროექტზე დაიწყო მუშაობა, მან ფინანსთა სამინისტროსა საჯარო ინორმაციის მოთხოვნის წერილი გაუგზავნა, სადაც ითხოვდა, რომ მონაცემები საქართველოს ბიუჯეტზე ყოფილიყო ისეთ ფორმატში, რომელშიც მუშაობა მარტივი იქნებოდა. ბიუჯეტის მონაცემები ამჟამად ხელმისაწვდომია  mof.ge და treasury.ge-ს საიტებზე. თუმცა, მონაცემთა გამჭვირვალობა მხოლოდ მის ხელმისაწვდომობას არ გულისხმობს, ის, აგრეთვე, საჭირო და გამოსადეგ ფორმატში უნდა იყოს. ბიუჯეტის დოკუმენტები, რომელთა გადმოწერაც არის შესაძლებელი მთავრობის საიტებზე, ყველა PDF ფორმატშია, რაც, რა საკვირველია, ართულებს მასზე მუშაობის პროცესს. საბედნიეროდ, მონაცემთა უმეტესობა, რაც მივიღეთ - თვიური და წლიური ფინანსური მონაცემები საქართველოს მთლიან ბიუჯეტზე, მხარჯავ დაწესებულებებზე, მათს პროგრამებზე - ცხრილების ფორმატში იყო. ჩემმა კოლეგებმა ჯეისონ ედიმ და ერიკ ბარეტმა მოახერხეს დანარჩენი PDF-ის ფაილების ცხრილების ფორმატში გადაყვანა.

ამ ინფორმაციის შეგროვების შემდეგ, მონაცემების გასუფთავებისა და მონაცემთა პორტალის მოსამზადებელი პერიოდი დაიწყო. ჩვენმა მკვლევარმა, თეონა თომაშვილმა, პროგრამებისა და მხარჯავი დაწესებულებების ასობით სახელი თარგმნა ინგლისურ ენაზე, რათა იმ ადამიანებს, რომლებმაც ქართული არ იციან, ჩვენი მონაცემების გამოყენების საშუალება ჰქონოდათ. უამრავი გამოთვლის, მონაცემების გაერთიანების და თავის ატკიების  შემდეგ, ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა, ბოლო ხუთი წლის ბიუჯეტის მონაცემებზე  გვქონოდა წვდომა.

როდესაც მე და ნინო სამინისტროს წარმომადგენლებს შევხვდით, მათ შეშფოთება გამოთქვეს იმაზე, რომ მონაცემები, რომელიც ჩვენს საიტზე იქნება, შეიძლება მოძველდეს და დროულად ვერ განახლდეს. ჩვენი გეგმა თავიდანვე იყო ის, რომ პერიოდულად გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია სამინისტროდან და ჩვენი საიტი მიღებული მონაცემებით განვაახლოთ. სამინისტროში გვითხრეს, რომ ისინი ხშირად ასწორებენ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია - ცვლილებები ეხება როგორც თანხის დახარჯვის გეგმას, ასევე უშუალოდ დახარჯულ თანხას. ზოგჯერ, მათი თქმით, შესწორებულ ვერსიებს ახალ დოკუმენტში ინახავენ, ზოჯგერ კი, ძველ დოკუმენტებშივე აკეთებენ ჩასწორებებს.

სამინისტროს წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ პორტალზე განახლებული ინფორმაციის მუდმივ რეჟიმში ატვირთვა ჯამპსტარტის პასუხისმგებლობად მიაჩნდათ. მათ გვირჩიეს, რომ აგვეყვანა ერთი ადამიანი, ვისი საქმიანობაც მონაცემთა მუდმივი შემოწმება იქნებოდა. ეს ლოგიკური მოთხოვნა იყო. ჩვენ შევქმენით პორტალი - განა ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის მისი განახლების უზრუნველყოფა?

თუმცა მე და ჩემი კოლეგები ამ რეკომენდაციას არ ვიზიარებთ რამდენიმე მიზეზის გამო. ისეთ პატარა ორგანიზაციებს, როგორიც ჯამპსტარტია, არ აქვთ საკმარისი რესურსი, ვინმე დაიქირავონ ბიუჯეტის მონაცემების ცვლილებების გასაკონტროლებლად. თუ ჩვენ  შემოწმების ავტომატურ პროცესს დავიწყებთ, მაშინ უნდა გადმოვიწეროთ ბიუჯეტის მონაცემები PDF ფაილებში ყოველდღიურად, შევუცვალოთ მას ფორმატი (გახსოვდეთ, რომ PDF-ში მუშაობა რთულია) და შევადაროთ მათი მონაცემები ჩვენსას. თუ მთავრობა ფაილებს ადგილმდებარეობას შეუცვლის, ეს ავტომატური პროცესი ჩაიშლება, და ამის გარდა, ჩვენი მონაცემები განახლებული იქნება მხოლოდ დღეში ერთხელ.

უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენი აზრით, მსგავსი ცვლილებების ასახვა ჩვენი პასუხისმგებლობა არაა. რა საკვირველია, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, პორტალზე უახლესი მონაცემები გვქონდეს. მაგრამ, როდესაც მთავრობა მონაცემებს ცვლის, მას არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ  ყველა ადამიანი, ვისაც კი ოდესმე ეს ფაილები სამინისტროს საიტიდან ჩამოუტვირთავს, გადაამოწმებს მონაცემებს ისევ საიტზე,  რათა დარწმუნდეს, რომ არაფერი შეცვლილა.

გახსოვთ, ზემოთ API რომ ვახსენე? API, ყველა ჩართული მხარისთვის, ზუსტად ასეთი პრობლემების გადაჭრის იდეალური გზაა. API-ის გამოყენებით, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ცოტა ტექნიკური ცოდნა აქვს, შეეძლება გამოიყენოს ინტერნეტი და დაუსვას მთავრობას ისეთი კითხვები, როგორიცაა: “რამდენი დაიხარჯა პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ყოველთვიურად 2012 წლის შემდეგ?” ან, “როგორ იყო სოფლის მეურნეობის ხარჯები დანაწილებული პროგრამების მიხედვით 2016 წელს?”

API-ის შეუძლია მოგვაწოდოს ყველაზე განახლებული, ოფიციალური საქართველოს ბიუჯეტის მონაცემები. სხვა მთავრობებიც ქმნიან API-ის ისეთ თემებზე, როგორიცაა ჯანმრთელობა დიდ ბრიტანეთში,  ტურიზმი ესტონეთში, მე ყველაზე მეტად მომწონს აშშ-ს მონაცემები  მეტეორების დაშვებებზე. თუ ფინანსთა სამინისტროს API-ის შექმნის დრო და რესურსები არ აქვს, მაშინ მათ შეუძლიათ მონაცემები გუგლის სფრედშითებში გამოაქვეყნონ, რომელსაც თავად აქვს  ჩაშენებული API და იმის ფუნქცია, რომ შესწორებების ისტორია ვნახოთ.

თუ საქართეველოს მთავრობა კარგი დიზაინის მქონე ბიუჯეტის API-ის შექმნის, ჩვენ დიდი სიამოვნებით წამოვიღებთ ჩვენს პორტალზე, რათა ყველას, ვინც ჩვენს საიტზე შემოვა, განახლებული მონაცემები ვაჩვენოთ. მსგავსი პირდაპირი წვდომა ასეთ მნიშვნელოვან ფინანსურ მონაცემებთან განვითარებისთვის გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება არამხოლოდ ჩვენი საიტისთვის, არამედ ქვეყნისთვის. სანამ ეგ დრო დადგება, ჩვენ გავაგრძელებთ საჯარო ინფორმაციის პერიოდულად გამოთხოვას, რათა საიტზე მუდმივად განახლებული მონაცემები გვქონდეს.
 

თუ საქართველოს მთავრობა მართლა შექმნის ოფიციალურ ბიუჯეტის API-ის, ჩემთვის ცოტა სევდიანიც კი იქნება, რადგან უამრავი კოდი, რაც გასული ექვსი თვის განმავლობაში დავწერე, გამოუსადეგარი გახდება. თუმცა მას დროის კარგვას ვერ ვუწოდებთ, ვინაიდან ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რომ ბიუჯეტის ეს პორტალი ფინანსთა სამინისტროს წაახალისებს, რომ მათი მონაცემები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. ნამდვილად გამჭვირვალე რომ იყოს საქართველოს მთავრობა, უნდა ეცადოს, რომ მათ ხელთ არსებული ყველა მონაცემთა ფაილი იყოს საჯარო (პირადი და კლასიფიცირებული მონაცემების გარდა) სტანდარტულ ფორმატში და გაანალიზების საშუალებას იძლეოდეს. ოფიციალური ბიუჯეტის  API ამისთვის იდეალური დასაწყისი იქნებოდა.