#გზასხვისიცაა - დაფიქრდი სხვებზეც, სანამ გააჩერებ!

14 მაისი 2016

ავტორი: nino.macharashvili

#გზასხვისიცაა - დაფიქრდი სხვებზეც, სანამ გააჩერებ!

Social: 

ხანდახან თბილისში ფეხით სიარულს არაფერი სჯობს: მაგალითად, ადრიან დილას, როცა ქუჩებში მხოლოდ მეეზოვეები არიან; ან ზაფხულის გვიან საღამოს, როდესაც ქალაქი ხალხისგან და მანქანებისგან დაცლილია. თუმცა ისეთ დროს, როდესაც დედაქალაქის მცხოვრებლებს სამსახურში ან სასწავლებელში წასვლა უწევთ, თბილისში ფეხით გადაადგილება ექსტრემალური სპორტის სახეობას ემსგავსება: გვიწევს, გავძვრეთ ტროტუარზე ან ზებრაზე გაჩერებულ მანქანებს შორის, ვიაროთ გზებზე სწრაფად მოძრავ ტრანსპორტთან ერთად, და, თუ ძალიან არ გაგვიმართლა, შეიძლება ტროტუარზე მოსიარულე მანქანის მსხვერპლიც კი გავხდეთ. საქმე კიდევ უფრო რთულდება, თუ ეტლით ან ეტლთან ერთად მოძრაობა გვიწევს.
 

შარშან ჩვენი ოფისი შევჩენკოს ქუჩაზე იყო, ლესია უკრაინკას კვეთასთან. ჯამპსტარტის ილუსტრატორი, ია, პირველი სკოლის გავლით, ფეხით დადიოდა სამსახურში. ჩვენი ქუჩის ვიწრო ამოსახვევში ხშირად იდგა მანქანა, რომელიც ზებრა გადასასვლელსაც ბლოკავდა, პანდუსსაც და არც ტროტუარზე გამვლელ ქვეითებს სწყალობდა. ერთხელაც ისე გაბრაზდა ია, რომ მძღოლისთვის წერილის დატოვება გადაწყვიტა. ტექსტი მობილურ ტელეფონში აკრიფა, როგორც ახლა იხსენებს, ბრაზი და აგრესია მოიშორა და შეეცადა, მშვიდად, მეგობრულად აეხსნა მძღოლისთვის, თუ რამდენ პრობლემას უქმნიდა მის მიერ მანქანის ასე გაჩერება რიგით ფეხით მოსიარულეს, ველოსიპედისტსა თუ ეტლით მოსარგებლეს.

 

ოფისში მოსულმა ტელეფონში აკრეფილი ტექსტის ამობეჭდვა და მანქანასთან დატოვება გადაწყვიტა. თუმცა წერილი საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა, რამაც გვაფიქრებინა, რომ შეიძლებოდა მძღოლს მისი წაკითხვა დაზარებოდა და წაუკითხავად გადაეგდო. გადავწყვიტეთ, ეს პრობლემა ჩვენი საყვარელი საქმიანობით - ინფორმაციის ვიზუალურად გამოსახვით მოგვეგვარებინა.

 

ასე შეიქმნა მეგობრული ბარათები მძღოლებისთვის, რომლებიც მანქანებს ისე აჩერებენ, რომ ფეხით თუ ეტლით მოსიარულე ადამიანებს გადაადგილებაში უშლიან ხელს. ვფიქრობთ, რომ ჩხუბი, გინება, ცუდად გაჩერებული მანქანის საქარე მინის პომადით დაჩხაპნა და საკუთარი გულისწყრომის სხვა აგრესიული ფორმებით გამოხატვა არსებულ მდგომარეობას ვერ შეცვლის, ამიტომაც, გვინდა, ალტერნატიულ გზებს მივმართოთ და პოზიტიური ბარათებით შევეცადოთ, ჩვენი თვალით დავანახოთ მძღოლებს, თუ რატომ არ შეიძლება ტროტუარებზე, ზებრა გადასასვლელებსა თუ პანდუსებზე მანქანის გაჩერება, თუნდაც რამდენიმე წუთით, თუნდაც მაშინ, როცა სხვა გასაჩერებელი ადგილი არაა და ა.შ. გვგონია, რომ მეგობრული და უკონფლიქტო გზით მიწოდებული მოსაზრება შეიძლება უფრო დამაფიქრებელიც იყოს და ადვილად მისაღებიც.

 

თქვენც შეგიძლიათ, შემოგვიერთდეთ ამ წამოწყებაში, ამობეჭდეთ ილუსტრაციები, გადაკეცეთ, აქციეთ ბარათებად და დაუტოვეთ მძღოლებს, რომლებმაც მანქანა ისე გააჩერეს, რომ თქვენ გადაადგილება გაგიჭირდათ. შევახსენოთ მძღოლებს, რომ #გზასხვისიცაა და სანამ ქალაქის დაგეგმარების, საპარკინგე ადგილების სიმცირისა და მანქანების მზარდი რაოდენობის პრობლემა გადაწყდება, ჩვენ თვითონ შეგვიძლია ავიღოთ პასუხისგმებლობა და ვიფიქროთ სხვებზეც, როდესაც მანქანის გასაჩერებლად ადგილს შევარჩევთ.

 

ბარათების საბეჭდი ფაილების ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქედან: http://j.mp/gzasxvisicaa.

სულ არის ბარათების 8 ვარიანტი შემდეგი სიტუაციებისთვის:

1. მანქანა კეტავს პანდუსს ბავშვის ეტლით მოძრავი ქვეითისთვის: http://j.mp/gzasxvisicaa_01

2. მანქანა პანდუსზე დგას და ეტლით მოსარგებლეს უწევს, მანქანებიან გზაზე იაროს: http://j.mp/gzasxvisicaa_02

3. მანქანა პანდუსზე დგას და ბავშვის ეტლით მოძრავ მშობელს უწევს, მანქანებიან გზაზე იაროს: http://j.mp/gzasxvisicaa_03

4. მანქანა კეტავს პანდუსს ეტლით მოსარგებლისთვის: http://j.mp/gzasxvisicaa_04

5. მანქანა ტროტუარზე დგას: http://j.mp/gzasxvisicaa_05

6. მანქანა ტროტუარზე დგას და მოხუცს გზას უკეტავს: http://j.mp/gzasxvisicaa_06

7. მანქანა ზებრაზე დგას და ეტლით მოსარგებლეს გადაადგილებაში ხელს უშლის: http://j.mp/gzasxvisicaa_07

8. მანქანა ზებრაზე დგას: http://j.mp/gzasxvisicaa_08  

 
 

პროგრამა/პროგრამები: