ინფორმაციის თავისუფლების ქრონიკები

08 სექტემბერი 2016

ავტორი: mariam.gamkhara...

ინფორმაციის თავისუფლების ქრონიკები

Social: 

ნაწილი 1- იუსტიციის სახლი

 

ჯამპსტარტში 3 წლის წინ დავიწყე მუშაობა და პირველივე კვირაში ჩემი ერთერთი დავალება ე.წ. FOI-ის (განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით) დაწერა და საჯარო სამსახურებში დაგზავნა იყო. მას მერეც კვირა არ გავა, რომელიმე სახელმწიფო უწყებაში რაიმე სახის მონაცემები არ გამოვითხოვო. ეს პროცესი ხშირად ნერვების მომშლელი, დამღლელი, ემოციური და კომიკურიც არის. ყველა უწყებას განსხვავებული მიდგომა აქვს ამ სახის განცხადებებზე და, ხშირ შემთხვევაში, დადებითი პასუხის, ან ისეთი ფორმით მონაცემების მიღება, რომელიც ჩვენთვის გამოსადეგი იქნება,  ძალიან რთულია.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჯამპსტარტში ყველა შეგუებული ვართ ინფორმაციის გამოთხოვასთნ დაკავშირებულ აბსურდულ რეალობას, ამ ბოლო პერიოდში რამდენიმე ისეთი რამ შეგვემთხვა რომ ჩვენც კი გაგვაკვირვა. ერთერთი ასეთი ისტორია საქართველოში ყველაზე ინოვაციურ პროექტს, იუსტიციის სახლს ეხება. ეს ორგანო, თავისი თავდაპირველი იდეით იმით იყო საინტერესო, რომ ყველანაირი ბიუროკრატია უნდა აღმოეფხვრა და მომხმარებლისთვის ნებისმიერი მომსახურების მიღება გაემარტივებინა. ჩემს შემთხვევაში ეს ასე ნამდვილად არ მოხდა!

 

რამდენიმე ხნის წინ ჯამპსტარტში გადავწყვიტეთ, საქართველოს მთავრობის მიერ უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად გადაცემულ ქონებაზე მოგვეძიებინა ინფორმაცია. განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით იუსტიციის სახლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე გადავაგზავნე, რაზეც მიპასუხეს, რომ ამგვარ განცხადებებს ელექტრონულად არ იღებენ,  პირადად უნდა მიმეტანა წერილი და მათ რომელიმე ოპერატორთან დამეტოვებინა.

 

ასეც მოვიქეცი: განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით ამოვბეჭდე, კონვერტში დავლუქე და პირადად მივიტანე იუსტიციის სახლში. დიდი ხნის ახსნის შემდეგ დაბნეულმა კონსულტანტმა რომელიღაც სექტორში გამიშვა არანაკლებ დაბნეულ ოპერატორთან, რომელთანაც კიდევ არაერთხელ დამჭირდა იმის ახსნა, თუ რა მინდოდა, მხოლოდ იმისთვის, რომ ეთქვა “ეს საქმე სხვა სექტორს ეხება და ახლავე გადაგამისამართებთო”. რიგში დგომისა და გადარეკვების შემდეგ ახალმა ოპერატორმა, ისე, რომ თავადაც არ იყო ამ ქმედებაში დარწმუნებული, მითხრა, კონვერტის სახით ამ მოთხოვნას ვერ  ჩავიბარებ, სპეციალურ ბლანკზე ხელით დაწერე იგივე და ჩავიბარებო. რა თქმა უნდა, აღვშფოთდი და გავაპროტესტე, მაგრამ ვერას გავხდი: მომიწია კონვერტის გახსნა და განცხადების ფურცელზე გადაწერა. დასჯილი სკოლის მოსწავლესავით, თეთრი ფურცელზე დაწერილი ახსნა-განმარტებით ჩავდექი რიგში, აწ უკვე -  მესამედ. კიდევ ახალი ოპერატორი შემხვდა, რომელიც წინა ოპერატორებზე მეტად დააბნია ჩემმა ფურცელმა. რამდენიმე ზარის შემდეგ,  მანაც შეწუხებული სახით მითხრა, რომ ამ ფორმატით ჩემს განცხადებას ვერ ჩაიბარებდა და ხელით უნდა აეკრიფა საკუთარ ბაზაში. მეც ვიჯექი, სიტუაციის აბსურდულობიდან გამომდინარე, მეღიმებოდა და ვუყურებდი  ოპერატორს, რომელიც ჩემი ნაჯღაბნის გარკვევას ცდილობდა და ცალი ხელით ბაზაში გადაჰქონდა.

 

იუსტიციის სახლი მისვლიდან 2 საათ-ნახევარში დავტოვე. 2 კვირის შემდეგ ჩემს განცხადებაზე პასუხიც მივიღე. ძალიან მაინტერესებდა, მენახა ის ინფორმაცია, რაც გამოვითხოვე, თუმცა, ამის ნაცვლად, წერილში ამოვიკითხე, რომ: საქართველოს მთავრობის მიერ უფასოდ  და სიმბოლურ ფასად გაცემულ ქონებაზე ინფორმაციის მიღება ფასიანია და თითოეული ასეთი საქმის შესახებ მონაცემების მიღება10 ლარი ღირს. ამდენი წვალების შემდეგ, მხოლოდ ის გავიგე რომ: ჩემი ქვეყნის მიერ 1176 უფასოდ  გადაცემულ ქონების ერთეულზე ინფორმაციის მისაღებად  მე 11 760 ლარი უნდა გადავიხადო!

 

საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე საინტერესო შემთხვევის შესახებ მოგიყვებით მომავალში. ასე რომ, თვალი ადევნეთ ჯამპსტარტის ინფორმაციის თავისუფლების ქრონიკებს.