ინფორმაციის თავისუფლების ქრონიკები - ნაწილი 2

13 ნოემბერი 2016

ავტორი: mariam.gamkhara...

ინფორმაციის თავისუფლების ქრონიკები - ნაწილი 2

Social: 

 

ჯამპსტარტის მკვლევარის საქმიანობა მონაცემების მოძიებასთან, გამოთხოვასა და დამუშავებასთანაა დაკავშირებული. როგორც ინფორმაციის თავისუფლების ქრონიკების პირველ ნაწილში დაგპირდით, მონაცემების გამოთხოვასთან დაკავშირებულ კიდევ რამდენიმე საინტერესო და პარადოქსულ ამბავზე გიამბობთ.

 

პირველი ასეთი ამბავი ცოტა ხნის წინ, მასწავლებლების საატესტატო გამოცდების თემაზე მუშაობისას შეგვემთხვა.  ჩვეულებრივ, მონაცემების გამოთხოვის პროცესი გამარტივებული და ელექტრონული უნდა იყოს. შესაბამისად, თითქმის ყველა სტრუქტურას აქვს ელ-ფოსტის მისამართი, რათა საჯარო ინფორმაცია ელექტრონულად გამოითხოვო. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, წერილის ფოსტით გაგზავნა გვიწევს. წერილს ბოლო წლებში ნაკლებად ვაგზავნით, რაც პოზიტიური ცვლილებაა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მასწავლებლების საატესტატო გამოცდების შედეგების ელექტრონულად გამოთხოვას ვერ შევძლებდით, მეტიც, შესაბამისი უწყების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირთან საუბრისას, აღმოვაჩინეთ, წერილს ვერც ფოსტით გავაგზავნიდით და კანცელარია წერილს მხოლოდ ინფორმაციის გამომთხოვი პირისგან ან ორგანიზაციისგან ჩაიბარებდა. წერილი ამოვბეჭდეთ და პირადად მივიტანეთ კანცელარიაში, თუმცა ის მოლოდინი, რომ ან წერილის ჩამბარებლის სახელი და გვარი სადმე დაფიქსირდებოდა ან რამე პირად ინფორმაციას მიუთითებდნენ, ფუჭი აღმოჩნდა. წერილი გახსნეს, გადაიკითხეს და ჩაიბარეს, ისე, რომ არც კი იკითხეს, ვინ აბარებდა მას. დამეთანხმებით, ეს მეთოდი ძალზე არაპრაქტიკულია. ზუსტად იგივეს გაკეთება შეუძლია საფოსტო კურიერს და შენი იქ ყოფნა არც არის საჭირო. წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს რეგიონიდან რომელიმე მკვლევარს დასჭირდა აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვა. ამ უწყებაში არსებული წესის გამო მას უწევს ჩამოვიდეს თბილისში მხოლოდ იმიტომ, რომ აღმოაჩინოს,  წერილის ჩაბარება სხვასაც შეეძლო. ეს შეიძლება პატარა და უმნიშვნელო დეტალად მოგეჩვენოთ, თუმცა, საბოლოო ჯამში, სწორედ ასეთი დეტალები ქმნის იმ ბარიერებს, რაც დღეს ჩვენსა და საჯარო ინფორმაციას შორის არსებობს.

 

ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვის დანერგვა ძალზე პოზიტიური ნაბიჯი იყო მონაცემების გასაჯაროების მხრივ. თუმცა, ჯამპსტარტში მომუშავე მკვლევარები მალევე მივხვდით, რომ ზოგჯერ რაღაცის გამარტივების მცდელობამ შეიძლება უფრო მეტი პრობლემა წარმოქმნას. ნებისმიერი სამინისტროს ინფორმაციის გამოთხოვნის გვერდზე შესვლისას, როდესაც ელექტრონულ ფორმას ან ელ-მისამართს ვხვდები, ყოველთვის პოზიტიურად განვეწყობი ამ ორგანოს მიმართ, ეს ჩემთვის და მონაცემებზე მომუშავე ნებისმიერი ადამიანისთვის საკმაო დროის დაზოგვაა. თუმცა რამდენიმე ხნის წინ ერთერთი ასეთ ელექტრონული ფორმის შევსების შემდეგ და პასუხის მოლოდინში, პირადი კონტაქტის საშუალებით, გავიგეთ, რომ ეს ფორმა არ მუშაობს და სხვა ელ-მისამართზე უნდა გადავაგზავნოთ მოთხოვნა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მისამართი ვებგვერდზე არსად არ არის მითითებული. აღნიშნული ფორმების გაუმართაობა არაერთხელ შეგვხვედრია ჩვენს საქმიანობაში. ხშირია თავად ბმულის გაუმართაობა, შეცდომით მითითებული მისამართი და სხვა სახის ტექნიკური პრობლემები. ჩვენ მოვახერხეთ ინფორმაციის მიღება, თუმცა საინტერესოა, რამდენ ადამიანს არ მიუღია გამოთხოვილი ინფორმაცია სწორედ ასეთი ხარვეზების გამო?

 

მეორე შემთხვევა, რაც ელექტრონულ ფორმატთან ბრძოლას თან სდევს, არის თავად გამოთხოვილი მონაცემების მოწოდების პროცესი. სწორედ ამ საკითხს ეხებოდა სატელეფონო ზარი, რომელიც ჯამპსტარტისთვის უზომოდ საინტერესო აღმოჩნდა. ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის პირადად წაღებას გვთხოვდა, რადგან ინფორმაცია იმდენად დიდი იყო, რომ მაილზე ვერ გამოიგზავნებოდა. ინფორმაციის ოფისის კომპიუტერზე ჩამოტვირთვის შემდეგ მისი გადაგზავნა ჩემი თანამშრომლისთვის ვცადე. ამ ექპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა, თუმცა ჩვენი დრო და რესურსი იმაზე, რასაც საჯარო უწყება ზერელედ მიუდგა და არ გადაამოწმა, რა თქმა უნდა, დაიხარჯა.

 

საბოლოო ჯამში, ჯამპსტარტი თავის საქმიანობის დროს ხშირად ხვდება ობიექტურ თუ სუბიექტურ ბარიერებს, რომლებიც ინფორმაციის გამოთხოვას აფერხებს. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ მაინც ვახერხებთ საჭირო ინფორმაციის მიღებას. თუმცა არასდროს ვიცით, რა დროით და შრომით რესურს წაიღებს ეს ყველაფერი და მივიღებთ თუ არა  მონაცემებს ჩვენთვის გამოსადეგ ფორმატში. მთავარი კი ამ ყველაფერში იმის გაგებაა, რომ ყველა ზემოთ განხილულ ისტორიაში გამოთხოვილი ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ ადამიანს, ზედმეტი წვალებისა და რესურსის ხარჯვის გარეშე, უნდა ჰქონდეს მასზე წვდომა. ასეთი ხარვეზების შემხედვარე მე, როგორც ადამიანს, რომელიც თავისი საქმიანობის ძირითად დროს სწორედ მონაცემების მოპოვება-დამუშავებასა და მათი გასაჯაროების მნიშვნელობის ფართო მასებისთვის ახსნას უთმობს, მიჩნდება განცდა, რომ, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფო უწყებები ვერ აცნობიერებენ ინფორმაციის გასაჯაროების მნიშვნელობას.

 

ხოლო იმის შესახებ, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ სახელმწიფო სტრუქტურიდან ინფორმაციის გამოთხოვისას, საჯარო ინფორმაციის ქრონიკების მომდევნო ბლოგპოსტში ვისაუბრებთ.