ჯამპსტარტი ახალ პროექტს იწყებს!

16 მარტი 2017

ავტორი: mariam.gamkhara...

ჯამპსტარტი ახალ პროექტს იწყებს!

Social: 

გსმენია საქართველოში ჰაერის დაბინძურების შესახებ? რა თქმა უნდა გსმენიათ, მაგრამ ზუსტად რა იცით ამის თაობაზე? იცით საიდან წარმოიშობა დაბინძურება, რა არის ყველაზე დიდი დამაბინძურებელი, რატომ არის ამ სახის დაბინძურება ჯანმრთელობისთვის სახიფათო, რა მონაცემი არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით, ან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა როლს თამაშობ შენ ამ პრობლემის წარმოქმნაში?

 

ჩვენ, ჯამპსტარტ ჯორჯიაში არ გვქონდა პასუხები ამ კითხვებზე და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო ამ კუთხით მუშაობა.  ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ჩვენ გვსურს დავეხმაროთ საზოგადოებას უკეთ აღიქვან და გაიგონ რა დგას ამ პრობლემის მიღმა და რას გულისხმობს საქართველოში ჰაერის დაბინძურების პრობლემა.

 

ჯამპსტარტ ჯორჯია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს - ჰაერის ფილტრი.  პროექტის მიზანია შექმნას და მხარი დაუჭიროს იმ ორგანიზაციებისა და  პირების ქსელს, რომლებიც ჰაერის დაბინძურების მიმართულებით მუშაობენ, ან ამ თემატიკით არიან დაინტერესებული. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ვებ პორტალი - Filter.ge, სადაც ადამიანები შეძლებენ, მიმზიდველი და მარტივად გასაგები სახით მიიღონ ინფორმაცია ჰაერის დაბინძურების პრობლემის შესახებ, ასევე გაიგონ როგორ შეიძლება შეცვალონ მათი ყოველდღიური ჩვევები, იმისათვის, რომ გარემო ნაკლებად დააზარალონ. პლატფორმის მომხმარებელს ასევე შეეძლება თავად ჩაერთოს უკეთესი გარემოს შექმნის პროცესში და ყოველთვე დადოს პირობა, რომ დანერგავს ცვლილებებს თავის ყოველდღიურ საქმიანობაში.  ჩვენ მიერ, ვებ-პორტალზე შეთავაზებული “პირობები” წარმოადგენს მარტივ ქმედებებს, რომელიც ადვილი განსახორციელებელია და დასანერგია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, მაგ: შეცვალეთ თქვენი სამსახურამდე ან სკოლამდე მისასვლელი მარშრუტი, აირჩიეთ ეკოლოგიურად უფრო სუფთა ტრანსპორტი, გახდით უფრო პასუხისმგებლიანი მომხმარებელი და ა.შ.

 

#შენქმნიგარემოს არის ჩვენი პროექტის ჰეშთეგი და ძირითადი აზრი! ჯამპსტარტ ჯორჯია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ეცდება დაგეხმაროს შენ გახდე უფრო აქტიური მოქალაქე, რომელიც ზრუნავს გარემოზე რომელშიც ცხოვრობენ.

დაგვეხმარეთ ავამაღლოთ ცნობიერება ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით საქართველოში! შემოგვიერთდი და შექმენი გარემო, რომელში ცხოვრებაც გსურთ.