ჯამპსტარტი მონაცემების აკადემიას ხსნის

29 იანვარი 2016

ავტორი: nino.macharashvili

ჯამპსტარტი მონაცემების აკადემიას ხსნის

Social: 

ჯამპსტარტს სურს, განაგრძოს პიონერობა საქართველოში მონაცემთა ჟურნალისტიკისა და ვიზუალიზაციის სწავლების კუთხით. 2015 წლის მიწურულს ჯამპსტარტმა “მონაცემების აკადემია” გახსნა, რომელიც მიზნად ისახავს ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეასწავლოს მონაცემების ეფექტურად გამოყენება და კომუნიკაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ჯამპსტარტი ბოლო 3 წლის განმავლობაში სხვადასხვა სასწავლო პროგრამებს, ვორქშოპებსა და სემინარებს ამზადებდა მონაცემთა ჟურნალისტიკისა და ვიზუალიზაციის შესახებ, ჩვენს საგანმანათლებლო საქმიანობას არასოდეს ჰქონია სისტემური ხასიათი. ჩვენ წავედით ბეირუთსა და ერევანში, ჩავატარეთ საჯარო და კერძო ტრენინგები სხვადასხვა ჯგუფისთვის თბილისსა და მის გარეთ, მიგვიწვიეს რამდენიმე უნივერსიტეტში მონაცემთა ვიზუალიზაციაზე სასაუბროდ, ასევე, სამაგისტრო პროგრამისთვის შევიმუშავეთ და ვასწავლეთ მონაცემთა ჟურნალისტიკის ერთსემესტრიანი კურსი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაში. 

დროთა განმავლობაში იზრდებოდა ჟურნალისტებისგან, მკვლევარებისგან, დიზაინერებისა და კომუნიკაციის სპეციალისტებისგან მიღებული მოთხოვნების რაოდენობაც, რომ ტრენინგების საშუალებით მათთვის ჩვენი გამოცდილება გაგვეზიარებინა. გადავწყვიტეთ, ჯამპსტარტის მონაცემების აკადემია გაგვეხსნა, რათა ჩვენი საგანმანათლებლო საქმიანობისთვის უფრო სისტემური ხასიათი მიგვეცა, დაგვეხვეწა სასწავლო პროგრამები და პროაქტიულად შეგვეთავაზებინა მონაცემებთან მუშაობის შესწავლა დაინტერესებული ჯგუფებისთვის. 

პირველი პროგრამა, რომელსაც მონაცემების აკადემია ახორციელებს, UNESCO-ს მიერ დაფინანსებული 12-თვიანი ტრენერთა გადამზადების პროგრამაა, რომელიც მოიცავს იმ კონცეფციებს, ტექნიკებსა და უნარებს, რაც დღეს ჟურნალისტს სჭირდება საზოგადოებაში მიმდინარე კომპლექსური პროცესების ეფექტურად გაანალიზებისა და აუდიტორიამდე მიტანისთვის. 

სასწავლო პროგრამის ფარგლებში, 4 ჟურნალისტი საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან 12 თვის განმავლობაში დაესწრება 4 ერთკვირიან ინტენსიურ ტრენინგს თბილისში. ტრენინგებს შორის კი მათ მოეთხოვებათ კურსის საკითხავი ლიტერატურის გაცნობა, დავალებების შესრულება და CodeSchool-ზე სხვადასხვა პროგრამული ენის კურსების გავლა. ამასთანავე, თითოეული მონაწილე ვალდებულია, თვითონაც ჩაატაროს ადგილობრივი ტრენინგები და მის მიერ მიღებული ახალი ცოდნა და უნარები თავის კოლეგებს გაუზიაროს. 

პროგრამის პირველი სასწავლო კვირა იანვრის დასაწყისში ჯამპსტარტის ოფისში ჩატარდა. კვირის განმავლობაში გავიარეთ მონაცემების შეგროვების მეთოდები, სფრედშითის ფუნქციები, HTML & CSS, ასევე, მონაწილეებს გავაცანით R, პროგრამული ენა სტატისტიკური ანალიზისა და ვიზუალიზაციისთვის. ჯგუფი მეორე სასწავლო კვირისთვის თბილისში აპრილის დასაწყისში დაბრუნდება, რა დროსაც დავეუფლებით მონაცემების გასუფთავების, ფორმატის შეცვლისა და გაანალიზის უნარებს; გავაგრძელებთ მუშაობას R-ზე, ვისაუბრებთ SQL-სა და მონაცემთა ბაზებზე, შევეცდებით Ruby-ის გამოყენებით, ვებგვერდიდან სტრუქტურირებულ ფორმატში მივიღოთ მონაცემები. მესამე სასწავლო კვირა მოგვიანებით, ზაფხულში გაიმართება და დიზაინის საკითხებს შეეხება; ბოლო, მეოთხე კვირის განმავლობაში კი გავეცნობით Javascript-ს და სხვადასხვა ხელსაწყოს ინტერაქტიული ვიზუალიზაციების შესაქმნელად. ამავე კვირაში დაასრულებენ კურსის მონაწილეები თავიანთ პროექტებზე მუშაობას.  

 

მონაცემების აკადემიის სასწავლო კურსის მონაწილეები ერიკ ბარეტთან და ნინო მაჭარაშვილთან ერთად 

 

გაიცანით კურსის მონაწილეები: 

ქრისტინა ტასკევიჩი ჟურნალისტიკის სფეროში 10 წელზე მეტია, რაც მუშაობს. თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი მან ეკონომიკური საკითხების გაშუქებას მიუძღვნა, იყო, ასევე, ვებრედაქტორი რადიო თავისუფლებისთვის. ქრისტინას სურს, დაეუფლოს ახალ უნარ-ჩვევებს და მონაცემთა ჟურნალისტიკა უფრო პოპულარული გახადოს საქართველოში; მას, ასევე, სჯერა, რომ ინტერაქტიული მიდგომის გამოყენება თითოეულ ჟურნალისტს უნდა შეეძლოს თავის საქმიანობაში, რათა მონაცემები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს აუდიტორიისთვის.  

გერამ ვარდანიანი აღიარებული მედია ექსპერტია სომხეთიდან. ის მედია ინიციატივების ცენტრში მუშაობს და 15-წლიანი გამოცდილება აქვს ჟურნალისტიკასა და მედია ტრენინგების ჩატარებაში. გერამი ათობით დოკუმენტური ფილმის სცენარისა და 200-ზე მეტი სტატიის ავტორია სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე. იგი გეგმავს, გაიღრმავოს ცოდნა მონაცემთა ჟურნალისტიკაში ჯამპსტარტის მონაცემთა აკადემიაში, რასაც მოგვიანებით სხვადასხვა სასწავლო პროგრამის დახმარებით თავის კოლეგა ჟურნალისტებსა და სტუდენტებს გაუზიარებს სომხეთში. 

ილკინ ჰასანოვი GIPA-ს დამამთავრებელი კურსის სტუდენტია აზერბაიჯანიდან და მედია მენეჯმენტს სწავლობს. იგი მუშაობდა რეპორტიორად ANS TV-ში და გეგმავს, მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაციაც შემატოს თავის შესაძლებლობებს. ილკინი, ჯამპსტარტის მონაცემთა აკადემიის სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ბაქოში ჩაუტარებს ტრენინგებს ჟურნალისტებსა და სტუდენტებს მონაცემთა ჟურნალისტიკაში 

ნუარდ ჰოვანისიანი თბილისში მოღვაწე სომეხი ჟურნალისტია. ის “ჩაიხანას” მედია კოორდინატორია.  “ჩაიხანა” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ქმნის ალტერნატიულ მულტიმედია ამბებს სამხრეთ კავკასიიდან. ნუარდი ჯამპსტარტის მონაცემების აკადემიაში მიღებულ ცოდნას თავის კოლეგებს გაუზიარებს. 

UNESCO-ს მიერ დაფინანსებული ტრენერთა გადამზადების პროგრამის საშუალებით, ჯამპსტარტის მონაცემების აკადემია ცდილობს, დაიწყოს მონაცემებთან მუშაობის უნარის მქონე მედია პროფესიონალების დანაკლისის შევსება რეგიონში. მაგრამ ჩვენ აქ არ ვჩერდებით: პირველი პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, ვგეგმავთ, გავაგრძელოთ სხვადასხვა ჯგუფებისთვის ახალი კურსების შეთავაზება და, ასევე, სხვადასხვა ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავება, რათა უფრო მეტ ადამიანს მივაწოდოთ ჩვენი სასწავლო პროგრამები როგორც საქართველოში, ასევე, მის საზღვრებს გარეთაც. 

 

 

პროგრამა/პროგრამები: