მონაცემთა ფერადი კომუნიკაცია 2017

11 დეკემბერი 2016

ავტორი: mariam.gamkhara...

მონაცემთა ფერადი კომუნიკაცია 2017

Social: 

საქართველოში მნიშვნელოვანი ინფორმაციის კომუნიკაცია მოძველებული, არასაინტერესო გზით ხდება, ისეთებით როგორიცაა 30 გვერდიანი რეპორტები, პრეს რელიზები და სტატიები. მაშინ როდესაც მსოფლიოში, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჟურნალისტიკას ახალ სიცოცხლეს სძენენ. ამბის მოსაყოლად ისინი ახალ გზებს იგონებენ და ამისთვის მონაცემებს, დიზაინსა და ტექნოლოგიებს იყენებენ.

 

ბოლო 3 წლის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაცია ჯამპსტარტში ვმუშაობ, რომელიც მონაცემების საჯაროობისთვის ადვოკატირებს და ცდილობს სხვებს აჩვენოს რამდენად ღირებულია მონაცემებზე დაფუძნებული ამბების თხრობა. ამ წლების განმავლობაში, მე თვალს ვადევნებ იმ არაჩვეულებრივ სამუშაოს, რასაც სამოქალაქო, მედია და საჯარო ორგანიზაციები ასრულებენ. ძალიან ხშირად მათი მასშტაბები შეზღუდული და მცირეა, რისი მიზეზიც კომუნიკაციის და ადვოკატირების არარსებობაა. რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში განხორციელებული კვლევები და მათი ანალიზის განთავსება ხდება რეპორტებსა და ვებ გვერდებზე, რომლებსაც არავინ კითხულობს.

 

ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ორგანიზაციებმა არც იციან რამდენად მრავალფეროვანია მათი მონაცემების გამოყენების შესაძლებლობები. ადამიანები ამის დაჯერებას მხოლოდ მას შემდეგ ახერხებენ, რაც მონაცემებზე დაფუძნებულ ამბების მაგალითებს აჩვენებ. სწორედ ამიტომ მე და ჩემი კოლეგები ვფიქრობთ, რომ დროა მონაცემებსა და მონაცემებზე დაფუძნებული კომუნიკაციის მნიშვნელობის  შესახებ  მხოლოდ ვორკშოფებსა და სემინარებზე არ ვისაუბროთ. ჩვენ ვეცდებით პრაქტიკულად გაჩვენოთ რამდენად საინტერესოა განსხვავებული უნარებისა და კრეატიული აზრების მქონე ადამიანებთან მუშაობა. ამიტომაც ვთვლით, რომ ჰაკათონის მოდელი წარმატებულად შეძლებს ჩვენს აუდიტორიას აჩვენოს, თუ რამდენად საინტერესო და მიმზიდველი შეიძლება იყოს ტექნოლოგიებისა და მონაცემების შერწყმა.

 

ჩვენი ჰაკათონი 2017 წლის იანვრის ბოლო გაიმართება, როგორც მონაცემთა ფერადი კომუნიკაციის ღონისძიებების ნაწილი. მონაცემთა ფერადი კომუნიკაციის ფარგლებში 2014 და 2015 წლებში ერთდღიანი ტრენინგები ჩატარდა მონაცემების, ტექნოლოგიისა და დიზაინის გამოყენებით ადვოკატირებასა და კომუნიკაციაში. 2017 წელს ცოდნის გაზიარების პროცესი უფრო პრაქტიკული იქნება და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ  სხვადასხვა ორგანიზაციების მონაცემების გამოყენებით თავად შექმნან მიმზიდველი და საინტერესო ამბები. ჰაკათონში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, ძირითადი აუდიტორია კი ჟურნალისტები, მკვლევარები, დიზაინერები, დეველოპერები და კომუნიკაციის სპეციალისტები არიან.

 

ჯამპსტარტში ჩვენ ვიცით, რა დადებითი გავლენა აქვს  მრავალფეროვანი უნარებისა და გამოცდილი ხალხის ერთად მუშაობას. ახლა კი გვსურს, რომ თქვენ გაჩვენოთ, რამდენად საინტერესო და სახალისო შეიძლება იყოს თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში მონაცემების გამოყენება! მოდით და გაეცანით მონაცემებით ამბის მოყოლის პროცესს ჩვენთან ერთად!