ორიოდ სიტყვა ევაკუატორებსა და მონაცემების შექმნაზედ: საქართველოს მთავრობა ღია მმართველობას მხარს უჭერს სიტყვით და არა საქმით

13 მაისი 2014

ავტორი: mariam.gamkhara...

ორიოდ სიტყვა ევაკუატორებსა და მონაცემების შექმნაზედ: საქართველოს მთავრობა ღია მმართველობას მხარს უჭერს სიტყვით და არა საქმით

Social: 

ავტორი: ერიკ ბარეტი

გასულ კვირას საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საჯარო უწყებამ, რომელსაც დაევალა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP)  კოორდინირება საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას უმასპინძლა, რათა განეხილათ მათ მიერ მომზადებული საქართველოს რიგით მეორე, 2014-2015 წლების  სამოქმედო გეგმა (OGP Action Plan). მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ძნელი სათქმელია, რა შედეგი მოიტანა მან. მრავალი თავაზიანი და ტაქტიანი განხილვის შემდეგ ერთადერთი დასკვნა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ისაა, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურის გადაწყვეტილება თავიანთი მომსახურებისთვის ევაკუატორების სერვისის დამატების შესახებ სულაც არაა რელევანტური OGP-ის სამოქმედო გეგმაში ჩასართავად.

ეს წარმოაჩენს გაცილებით უფრო მნიშვნელოვან პრობლემას, თუ რეალურად როგორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს ხელისუფლებას OGP-ის ინიციატივისადმი. კანცელარიას არ მიუცია იუსტიციის სამინისტროსათვის რეალური ხელმძღვანელობის უფლება. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ ვერ ითანამშრომლა საჯარო დაწესებულებებთან, რათა აეხსნა, თუ რას ნიშნავს ღია მმართველობა და ღია მონაცემები და რატომ უნდა მიიღონ მათ მონაწილეობა OGP-ში. ეს არის სამინისტროს მიერ ხშირად ციტირებული პასუხი, რომ ის, რასაც სამოქალაქო საზოგადოება ითხოვს, არ არის მათი კომპეტენციის საკითხი. ჩვენი აზრით, იმისთვის რომ OGP-იმ მუშაოს, იგი არ უნდა იყოს ნებაყოფლობითი. კანცელარიამ უნდა გახადოს OGP სავალდებულო და გაუსვას ხაზი უწყებათაშორის თანამშრომლობას, ისევე, როგორც ამერიკის პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა საკუთარი პრეზიდენტობის პირველი ვადის დასაწყისში. მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ივანიშვილმა, თანამდებობა დატოვა, ახალ მთავრობას არ გამოუხატავს საჯარო და თამამი მხარდაჭერა ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივისთვის.

იუსტიციის სამინისტროს მიერ სამოქმედო გეგმაში შეტანილი რამდენიმე ვალდებულებაც, ევაკუატორების საქმის მსგავსად, არარელევანტურად მიგვაჩნია. ამ ყოველივედან ნათელი ხდება, რომ სააგენტოებმა, რომლებიც წარადგენენ იდეებს, არ იციან, რა არის რეალურად OGP და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსაც დიდად არ შეუწუხებია თავი მათთვის ამის ახსნით. ჩვენი აზრით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ კანცელარიას არ მიუნიჭებია უფლებამოსილება სამინისტროსთვის განეხორციელებინა OGP, ან იმაზე, რომ სამინისტროს თავად არ აქვს სურვილი მისი განხორციელების. უფრო მეტიც, iChange.ge-ის განხორციელება, რაც არის ოფიციალური საშუამდგომლო მექანიზმი, რომლითაც საზოგადოებას შეუძლია, საკმარისი ხელმოწერების შეგროვების შემთხვევაში, მოითხოვოს ოფიციალური პასუხი ხელისუფლებისგან მნიშვნელოვან საკითხებზე, არ იყო სამოქმედო გეგმაში თავდაპირველად განხილული. იგი ნაჩქარევად იქნა განხილული შეხვედრის დროს. უცნაურია, რომ iChange.ge არის ერთერთი ვალდებულება, რომლის განხორციელებაზე სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ყველაზე მეტს საუბრობენ, რომელიც, აგრეთვე, პირველ სამოქმედო გეგმაში იყო გაწერილი, მაგრამ ვერ განხორციელდა.

თუმცა პოზიტიური მხარეც უნდა აღინიშნოს: სამოქმედო გეგმაში სესაულია ახალი კანონის მიღება ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, რომელიც საჯარო ინფორმაციის ძლიერი სამართლებრივი ბაზის შექმნას უზრუნველყოფს და განმარტავს, თუ რა ინფორმაციაა საჯარო და რა - არა. ეს კანონი საჭირო და მისასალმებელია. მაგალითად, ამ კვირაში ჩვენ მივიღეთ პასუხი საჯარო რეესტრისგან, რომლისგანაც ვითხოვდით შენობების მისამართებისა და გეოგრაფიული მონაცემების, როგორც საჯარო ინფორმაციის, მოწოდებას, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ სხვა საჯარო უწყებებისთვის არის უფასოდ ხელმისაწვდომი.

საუკეთესო შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის პოზიცია ღია მონაცემებისა და ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ უბრალოდ არათანმიმდევრულია. საჯარო რეესტრის პასუხი მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხორციელდება OGP საქართველოში და რომ იგი მხარდაჭერილია სიტყვით და არა - საქმით. აღნიშნული მონაცემები, რა თქმა უნდა, საჯარო და ჩვენთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ეს არის იგივე სააგენტო, რომელმაც ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს 2009-2010 წლებში, რათა ჩვენთვის გაეხიარებინა მონაცემები რუკების პროექტისასთვის.

საქართველოს წელს აქვს შესანიშნავი შანსი, გახდეს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ OGP-ის ძირითადი საქმიანობა და წარმატება  საქართველოშო არის თავდაპირველი სამოქმედო გეგმის შედეგი, რომელიც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობით, წინა ხელისუფლებამ შეიმუშავა და მეტნაკლები წარმატებით განახორციელა. ჯერ კიდევ სანახავია, არის თუ არა დღევანდელი ხელისუფლება მზად, აიღოს ვალდებულებები, რომლებიც რეალურად შესაბამება OGP-ის ინიციატივას და გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნები.

შეხვედრის დასაწყისში “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელმა ითხოვა, გაეკეთებინა პრეზენტაცია  ბოლო კვლევის შედეგებზე, რომელიც იკვლევდა სამთავრობო უწყებებში გამჭვირვალობის ხარისხს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით. სამწუხაროდ, მას უარი უთხრეს, რადგან კვლევის შედეგების განხილვისთვის არ იყო საკმარისი დრო. ალბათ მას ევაკუატორების სერვისის განხილვა უნდა ეთხოვა.

 

 

პროგრამა/პროგრამები: