პოლიტიკა რიცხვებში: ახალი მონაცემთა პორტალი საქართველოში პარტიების ფინანსების შესახებ

05 აპრილი 2016

ავტორი: nino.macharashvili

პოლიტიკა რიცხვებში: ახალი მონაცემთა პორტალი საქართველოში პარტიების ფინანსების შესახებ

Social: 

ვინაიდან 2016 წელი საქართველოში საარჩევნო წელია, ვიფიქრეთ, რომ მნიშვნელოვანია, ქართველი ამომრჩევლებისთვის პოლიტიკური პარტიების ფინანსებზე მონაცემები გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გავხადოთ. როგორც აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულს, შემეძლო, დაფინანსება მომეპოვებინა ჩემთვის საინტერესო პროექტისთვის Digital Communication Network-ის პროგრამის კურსდამთავრებულთათვის გამოყოფილი საგრანტო დაფინანსებიდან. იმავე პროგრამის მონაწილე ქეთი ბოჯგუასთან ერთად, რომელიც ტელეიმედის ჟურნალისტია, გადავწყვიტე, მონაცემთა კომუნიკაციასა და ვიზუალიზაციაში ჯამპსტარტის გამოცდილების გამოყენებით, უფრო ღია გაგვეხადა მნიშვნელოვანი მონაცემები ქართული პოლიტიკის შესახებ, რაც ჯერჯერობით მხოლოდ სხვადასხვა ანგარიშსა და მონაცემთა ფაილებშია გაბნეული. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა მონაცემთა პორტალი, რომელიც დაეხმარება ქართველ ჟურნალისტებს, გამოიყენონ მონაცემები თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში, საბოლოო ჯამში კი, დაეხმარება ქართველ ამომრჩეველს, გააკეთოს უფრო ინფორმირებული არჩევანი 2016 წლის ოქტომბერში.

მონაცემთა პორტალი, რომელსაც “პოლიტიკა რიცხვებში” დავარქვით, მოგაწვდით მონაცემებს ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიისა და მათი ფინანსების შესახებ სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით, მათ შორის: შემოწირულობები, უძრავი და მოძრავი ქონება, ხარჯები, ჯარიმები და ა.შ. პორტალი საშუალებას მისცემს მომხმარებელს, მონაცემებზე დაყრდნობით უპასუხოს ისეთ კითხვებს, როგორებიცაა “რომელი პარტია ხარჯავს ყველაზე მეტს საოფისე ხარჯებზე” ან “როგორ შეიცვალა შემოწირულობების ოდენობა პარტიების მიხედვით დროთა განმავლობაში, პოლიტიკური ცვლილებების ფონზე” და სხვ.

პროექტი ხორციელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობით, რომელიც ადრევე დაუკავშირდა ჯამპსტარტს თანამშრომლობის სურვილით, რათა მათ ხელთ არსებული დიდი მოცულობის მონაცემები უფრო გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახდეს ფართო აუდიტორიისთვის. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტის ფარგლებში აუდიტის სამსახურთან ვთანამშრომლობთ.

პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების ფინანსების შესახებ მონაცემების მოგროვებითა და ჩვენებით, პორტალი “პოლიტიკა რიცხვებში” მიზნად ისახავს:

  • გაუმარტივოს როგორც ტრადიციული, ასევე ინტერნეტ მედიის წარმომადგენლებს პოლიტიკური პარტიების ფინანსების შესახებ მონაცემების მოპოვება;
  • წაახალისოს ისინი, გააანალიზონ მონაცემები მარტივი ხელსაწყოების გამოყენებით;
  • ხელი შეუწყოს ტრადიციულ ჟურნალისტიკაში პოლიტიკური ამბების გაშუქებისას მონაცემთა ვიზუალიზაციისა და სხვა ციფრული ხელსაწყოების გამოყენებას უკვე გამზადებული, ჩამოტვირთვადი და ონლაინ ჩასმადი გრაფიკების შექმნით;
  • წაახალისოს რიგითი ამომრჩევლები, ჩაუღრმავდნენ ფაქტებს და თვითონ გააანალიზონ მონაცემები პოლიტიკური პარტიების ფინანსების შესახებ.

პროექტის ფარგლებში მე და ქეთი ვგეგმავთ, ვესტუმროთ ნიუსრუმებს, აკადემიურ და კვლევით დაწესებულებებს თბილისსა და რეგიონებში, რათა ვაჩვენოთ ჟურნალისტებსა და მკვლევარებს, როგორ გამოიყენონ პორტალი, გაფილტრონ მონაცემები თავიანთი ინტერესისა და საჭიროების შესაბამისად, ჩამოტვირთონ ან ჩასვან გრაფიკები თავიანთ პუბლიკაციებში, ან გაუზიარონ თავიანთი მიგნებები ფართო აუდიტორიას.

პორტალის დიზაინზე მუშაობა უკვე დავიწყეთ, პორტალზე მუშაობის დასრულებას ივლისის ბოლოსთვის ვგეგმავთ. თვალი ადევნეთ ჩვენს პროგრესს! თუ გსურთ, თქვენც გესტუმროთ და ჩვენი პორტალის შესახებ დაწვრილებით მოგიყვეთ, დაგვიკავშირდით!

 

 

 

პროგრამა/პროგრამები: 
ფაილი: