რა მნიშვნელობა აქვს, უკეთესია თუ არა შენი მონაცემები, თუკი ვერავინ გამოიყენებს მას?

05 აგვისტო 2013

ავტორი: eric

რა მნიშვნელობა აქვს, უკეთესია თუ არა შენი მონაცემები, თუკი ვერავინ გამოიყენებს მას?

Social: 

პირველ ივლისს “ჯამპსტარტ ჯორჯიამ” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვაინფორმაცია დანაშაულის სტატისტიკის შესახებსაქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, აღნიშნული იფორმაცია საჯაროა და ჩვენ მისი მიღების უფლება გვაქვს.

ამ ეტაპზე ვმუშაობთ რამდენიმე ვიზუალიზაციაზე, რომლისთვისაც დანაშაულის სტატისტიკა მნიშვნელოვანია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში დანაშაული გაიზარდა, თუმცა გაუგებარია, რას ნიშნავს დანაშაულის ზრდა. სად გაიზარდა დანაშაული - მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუ რომელიმე კონკრეტულ უბანში ან დასახლებაში? დანაშაულის რა სახეობები გაიზარდა? რამდენად მძიმეა ჩადენილი დანაშაული? და ვინ ჩაიდინა იგი - რა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა? წინა წლებთან შედარებით, გაიზარდა თუ არა რომელიმე კონკრეტული სახეობის დანაშაული? რომ გვქონდეს დანაშაულის სტატისტიკის ნედლი მონაცემები, გაგვიადვილდებოდა გარკვეული ტენდენციების შემჩნევა და ამ კითხვებისაგან ზოგიერთზე პასუხის გაცემა.

დღეს 5 აგვისტოა და ჩვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ჯერ კიდევ არ მიგვიღია, მიზეზი გაურკვეველია. ვიცით მხოლოდ ის, რომ პირველ აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აკრიტიკებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს და ამბობს, რომ იგი სრულყოფილად არ ასახავს საქართველოში შექმნილ კრიმინოგენულ ვითარებას, რადგან სტატისტიკა პროკურატურისგან მიღებულ მონაცმებს ემყარება და მოიცავს მხოლოდ სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებლებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სტატისტიკის სამსახურისგან განსხვავებით, სამინისტრო ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას, რომელიც მთელი ქვეყნის მონაცემებს ემყარება.

ჩვენი აზრით, ამ სახის განცხადება არ გახდებოდა საჭირო, შინაგან საქმეთა სამინისტროს პროაქტიულად რომ გამოექვეყნებინა დანაშაულის სტატისტიკა გამოსადეგ ფორმატში, ან სულ მცირე, დროულად გაეცა პასუხი ჩვენ მიერ გაგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე. როგორც “პარტნიორობა ღია მმართველობისთვის” (Open Government Partnership) ხელმომწერ ქვეყანას, (რომელსაც ქვეყნები თავისი სურვილით უერთდებიან, რათა გაზარდონ თავიანთი მმართველობის ღიაობა და გამჭვირვალობა და რომლის მიმართაც მხარდაჭერა გამოხატა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც), საქართველოს, და მით უფრო, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეძლო სხვებისთვის მაგალითი მიეცა დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებითა და სამომავლოდ მისი რეგულარული განახლებით.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია, რომელიც “ჯამპსტარტ ჯორჯიამ” 2013 წლის პირველ ივლისს მოითხოვა. ასე შევძლებთ ჩვენც და საზოგადოებაც, სრულყოფილ მონაცემებზე დაყრდნობით, გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები და უკეთ გავერკვეთ საქართველოს კრიმინოგენულ ვითარებაში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საჯარო უწყება ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში უპასუხოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას. ჩვენი მოთხოვნის გაგზავნიდან კი 25 სამუშაო დღე გავიდა.