რამდენ ხანს უნდა იცადოს ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ?

10 თებერვალი 2014

ავტორი: nino.macharashvili

რამდენ ხანს უნდა იცადოს ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ?

Social: 

ყოველი თვის პირველ ოთხშაბათს იუსტიციის სამინისტროში საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საჯარო უწყებების რამდენიმე ათეული წარმომადგენელი იკრიბება და საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივაში მონაწილეობასა და ქვეყანაში მის დანერგვაზე მსჯელობს.

ღია მმართველობის პარტნიორობა გლობალური ინიციატივაა და ამჟამად 63 ქვეყანას აერთიანებს, რომელთაც გადაწყვიტეს, მოქალაქეების ჩართვითა და გააქტიურებით, თავიანთი მთავრობა გახადონ უფრო ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული. ყოველ ორ წელიწადში თითოეული ქვეყანა ამუშავებს და წარადგენს თავის სამოქმედო გეგმას, რომელშიც გაწერილია ვალდებულებები, მიზნები, პასუხისმგებელი ორგანოები და ვადები, რომელშიც უნდა განხორციელდეს OGP-ის ფარგლებში აღებული თითოეული ვალდებულება. ამ პროცესში მთავრობა მუშაობს სამოქალაქო სექტორთან და ფართო საზოგადოებასთან ერთად, რათა სამოქმედო გეგმა იყოს უფრო დახვეწილი და მოქალაქეზე ორიენტირებული, ხოლო მისი განხორციელება - ეფექტური. შესაბამისად, ამ ინიციატივის ფარგლებში, მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება მუშაობს მხარდამხარ, ხოლო მათი ერთერთი მთავარი მიზანი პროცესში მოქალაქეების ჩართულობის ხელშეწყობა და გაზრდაა.

საქართველო ამ ინიციატივას 2011 წელს შეუერთდა და 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმაც წარადგინა. ამჟამად ქვეყანა თავის მორიგ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, რომელიც მზად აპრილის ბოლოსთვის უნდა იყოს და რომელიც განსაზღვრავს, რა გზას გაივლის საქართველო OGP-ის ფარგლებში მომდევნო ორი წლის მანძილზე.

საზოგადოების ჩართულობა OGP-ის აქტივობების თითოეულ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მოქალაქეების მონაწილეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესში იძენს, ვინაიდან გეგმა სწორედ ფართო საზოგადოების ჩართულობით, საჯარო კონსულტაციების გზით უნდა შედგეს და დაიხვეწოს. 

თუმცა რა იციან ქართველებმა ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ? იციან, რომ ახალი სამოქმედო გეგმა მზადების პროცესშია? ან ის, რომ მის შესაქმნელად საზოგადოების აქტიური ჩართულობაა საჭირო? იციან, რომ მათი აზრი ძალიან საჭირო და ფასეულია (ან რომ უნდა იყოს) იმ აქტივობების გაწერისას, რასაც საქართველოს მთავრობა მომავალი ორი წლის განმავლობაში განახორციელებს?

თუკი “ღია მმართველობის პარტნიორობას” დაგუგლავთ, გუგლსაც კი არ ექნება სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოში OGP-ის გარშემო მიმდინარე პროცესების შესახებ. ინტერნეტში არსებული ინფორმაცია არასრულია და მიმოფანტულია რამდენიმე საიტზე, მათ სორის იუსტიციის სამინისტროს საიტის ანალიტიკური დეპარტამენტის შიდა გვერდსა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ვებგვერდზე. როგორ შეიძლება, ველოდოთ საზოგადოების აქტიურობასა და ჩართულობას, როდესაც მას არ ვაწვდით საკმარის ინფორმაციას? და როგორ შეიძლება მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია სრულყოფილად და ეფექტურად, თუკი არ გამოვიყენებთ ვებს მაქსიმალურად?

საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართეს, შექმნილიყო ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივისადმი მიძღვნილი ვებსაიტი, რომელიც, ასევე, იქნებოდა პლატფორმა სამოქმედო გეგმის, ვალდებულებებისა თუ კანონპროექტების ონლაინ განხილვებისათვის. ამ შემთხვევაში, OGP-ისთან დაკავშირებული საკითხების განხილვა გასცდებოდა იუსტიციის სამინისტროს საკონფერენციო ოთახს, სადაც ყოველი თვის პირველ ოთხშაბათს რამდენიმე ათეული ადამიანი იკრიბება საჯარო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ვებსაიტი დიდ როლს შეასრულებდა არა მხოლოდ OGP-ისთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასა და დაგეგმილი აქტივობების კოორდინირებაში, არამედ ხელს შეუწყობდა ფართო აუდიტორიის გააქტიურებასა და პროცესებში ჩართვას. ამგვარად ყველას, მასწავლებელს, სტუდენტს, ექიმსა თუ პენსიონერს, მიეცემოდა საშუალება, გამოეხატა თავისი აზრი იმის შესახებ, თუ რა გზას უნდა დაადგეს ქვეყანა იმისათვის, რომ გახდეს უფრო ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული. 

თუმცა საქართველოს მთავრობისთვის არც ისე მარტივია ვებგვერდის მოკლე დროში შექმნა. საქართველოს პრემიერმინისტრის აპარატი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია: არაა დანიშნული ადამიანი, ვინც საქართველოში OGP-ის საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს ადამიანი, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას და კოორდინირებას გაუწევს მის აღსრულებას. უცნობია, როდის დაინიშნება ასეთი ადამიანი და როდის შეიქმნება საიტი, თუმცა, სავარაუდოდ, ეს არ მოესწრება ამ წლის მარტამდე, როცა 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვები უნდა დაიწყოს.

ამ პრობლემის გადასაჭრელად და იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია და ონლაინ მონაწილეობისთვის საჭირო პლატფორმა, სამოქალაქო სექტორმა განიხილა, თვითონ შეექმნა ვებსაიტი დროულად და ეფექტურად, ბიუროკრატიული დაბრკოლებების გარეშე. თუმცა ეს ინიციატივა არ განხორციელებულა, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩათვალეს, რომ OGP-ის ვებსაიტის შექმნა და ადმინისტრირება მთავრობის მოვალეობაა და თუკი ისინი აიღებდნენ ვალდებულებას მის შექმნაზე, ამით მთავრობა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებოდა, რაც მას ნაკლებად ჩართულს და, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფრო ზარმაცს გახდიდა.

ამასობაში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს: საჯარო უწყებები თავიანთ ვალდებულებებს წარადგენენ, ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონპროექტი მუშავდება, იქმნება 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა, რასაც საჯარო განხილვა სჭირდება და საჯარო კონსულტაციებიც მალე გაიმართება. თუმცა, არ არსებობს მარტივი, ონლაინ პლატფორმა, რომელიც ამ საკითხების შესახებ საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის, რადგან მთავრობას არ აქვს დრო OGP-ის საიტის შესაქმნელად, სამოქალაქო სექტორს კი არ სურს, მთავრობის სამუშაო შეასრულოს.

მაგრამ თუკი ეს პროცესებს ვნებს და საზოგადოებას ართმევს ამ პროცესებში ჩართვისთვის საჭირო საშუალებას, რამდენ ხანს უნდა იცადოს სამოქალაქო საზოგადოებამ, სანამ თვითონ აიღებს ამ პასუხისმგებლობას?