რატომ უნდა შეწყვიტოთ 30-გვერდიანი ანგარიშების წერა

05 ივლისი 2016

ავტორი: eric

რატომ უნდა შეწყვიტოთ 30-გვერდიანი ანგარიშების წერა

Social: 

შენ ხარჯავ თვეებს იმ თემაზე მუშაობისას, რაც შენთვის მნიშვნელოვანია: იკვლევ მას, რის შემდეგაც ანგარიშს წერ და მნიშვნელოვან დასკვნებს აკეთებ.

ყოველწლიურად უამრავი საათი იხარჯება იმ პროექტებზე სამუშაოდ, რომლებმაც გარკვეული ცვლილებები უნდა მოიტანოს. ამის მიუხედავად, ცვლილების მთავარი ინსტრუმენტი ის გრძელი ანგარიშებია, რომელსაც, გულახდილად რომ ვთქვათ, თითქმის არავინ კითხულობს. მნიშვნელოვანი ტექსტი გამოკეტილია PDF დოკუმენტში, რომლის საბოლოო ხვედრიც ვებგვერდზე ლინკის სახით არსებობაა. მოკლედ რომ ვთქვათ, მათ პოვნას გუგლიც კი ვერ შეძლებს.

ასეთ მიდგომას დიზაინის მარცხს ვეძახი, რაც საკმაოდ გავრცელებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ დამფინანსებელ დონორებში.  ასეთი მიდგომა ზრდის თვითკმაყოფილებას და ჩვენს საქმეს ამარტივებს. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ მას ცვლილების მოტანა არ შეუძლია. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს არც საზოგადოებრივ ორგანიზაციას და არც მის დონორს ადარდებს.

მოდით, საკუთარ თავებთან გულახდილები ვიყოთ. თუ მსოფლიოს შეცვლა გულისხმობს ანგარიშების წერას იმ პრობლემებზე, რომლებიც გვადარდებს, მაშინ დღეისთვის სამყარო სრულყოფილი ადგილი იქნებოდა.  სამყარო არ არის სრულყოფილი ადგილი.

რა შეგვეშალა?

მე ვფიქრობ, რომ უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ შევწყვიტეთ იმ ხალხზე ფიქრი, ვისაც ველაპარაკებოდით და ჩვენს თავზე ფიქრი დავიწყეთ. თუ ვიტყვით, მოგვისმენენ. თუ ავაშენებთ, მოვლენ. ჩვენ ვწერდით კვლევებს და ველოდებით ცვლილებებს. ჩვენ შევწყვიტეთ იმაზე ფიქრი, თუ რამდენად აღწევდა ჩვენი მესიჯები საზოგადოებამდე. ჩვენ შევწყვიტეთ იმის გაზომვა, ჩვენი ქმედებები იყო თუ არა იმ ცვლილებების მომტანი, რასაც ვვარაუდობდით.

ბოლო რამდენიმე წელია, ჯამპსტარტის გუნდი ცდილობს, საზოგადოებას დაანახოს, რომ არსებობს სხვა გზაც, რომლითაც იმ პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც გვადარდებს, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კომპლექსურია ისინი. ჩვენ ტექნიკური გუნდი ვართ, რომელსაც ესმის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია მესიჯი და არა იმის წარმოჩენა, თუ რამდენად ჭკვიანები ვართ.  ჩვენ შემოქმედებითი ჯგუფიც ვართ და ვიაზრებთ, რომ ის გზა, რასაც ავირჩევთ პრობლემაზე სასაუბროდ, განსაზღვრავს, თუ რა შედეგს მივაღწევთ: აუდიტორია გაიგებს ჩვენს ნათქვამს, დაიწყებს დისკუსიას ამ თემაზე და ცვილებებსაც დავინახავთ, თუ გვექნება დამტვერილი ანგარიში, რომელსაც არავინ არასოდეს წაიკითხავს.

ჩვენ ყოველ ფაქტსა და ყოველ მოვლენას საზოგადოების პრობლემის გარშემო დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობად აღვიქვამთ.  თუმცა, ეს შესაძლებლობები თავისით ვერ მოგვადგება კარს. ჩვენ, როგორც საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, უნდა დავსახოთ სტრატეგია და ვიაქტიუროთ ჩვენს აუდიტორიასთან საუბრისას. ჩვენ თითოეული ნაბიჯი უნდა დავგეგეგმოთ, რათა მაქსიმალურად მეტ ადამიანამდე მიაღწიოს ჩვენმა სათქმელმა. ეს კი უნდა გავზომოთ, რათა დავინახოთ, თუ რამ იმუშავა და რამ - ვერა, რის შემდეგაც, ჩვენი გზავნილები გახდება უფრო ეფექტური და არ იქნება მხოლოდ ბნელში გასროლილი ტყვიასავით.  

ამ წელს ჩვენ მიკროკამპანიები წამოვიწყეთ. ჯერჯერობით განვახორციელეთ სამი კამპანია:

  1. #უფლებებიყვავილებისნაცვლად - კამპანია ქალების უფლებებზე
  2. #გზასხვისიცაა - კამპანია გზებზე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების გასაზრდელად
  3. #იყავიჯანმრთელი - კამპანია ქართველების ცხოვრების წესისა და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

ეს იყო პატარა სოციალური კამპანიები, რომლებიც წინასწარ დავგეგმეთ, დავუკავშირდით ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, შევქმენით ახალი ჰეშთეგები, ჩვენ ხელთ უკვე არსებული მასალა გამოვიყენეთ ხელახლა, რაღაც ნაწილი კი თავიდან შევქმენით. ჩვენ საზოგადოება, სოციალური მედიის გამოყენებით, სტრატეგიულად და ინტენსიურად ჩავრთეთ ყოველდღიური პოსტებითა და მოწოდებებით ამ თემების განხილვაში.

ჩვენ მივხვდით, რომ მიზანმიმართული კომუნიკაცია, რომელსაც თან ახლავს სტრატეგიული გეგმა, დამატებითი ფინანსების არარსებობის მიუხედავადაც, ათასობით ადამიანამდე შეიძლება მივიდეს ძალიან მოკლე დროში და მას მოჰყვეს როგორც ონლაინ, ისე ინტერნეტს მიღმა ქმედებები. ჩვენ იმასაც მივხვდით, რომ, თუ მცირე რესურსებით ჩვენ მცირე მასშტაბებზე შეგვიძლია ამის გაკეთება, მაშინ  გარკვეული რესურსებით საზოგადოებრივ ორგანიზაციებსაც შეუძლიათ გაცილებით დიდ მასშტაბებზე გასვლა  და შეიძლება უფრო დიდი შანსიც ჰქონდეთ, მიაღწიონ იმ მიზანს, რაც დასახული აქვთ.  

ინფოგრაფიკები, ფაქტოგრაფები, ანიმაციები, ვიდეო, ფოტოგრაფია, ინტერაქტიული ვიზუალიზაცია, ხმა, რადიო, რიცხვები, სიტყვები, ქუჩის წარმოდგენები – ეს ის ხელსაწყოებია, რომელიც ჩვენ ხელთაა.  მედია, რომელსაც ჩვენ ვქმნით და რომელიც ხალხს უყვარს, საბოლოო ჯამში მხოლოდ მიზნის მიღწევის ერთერთი საშუალებაა. გზავნილი განსაზღვრავს იმას, თუ რომელ მედიუმს ვიყენებთ კომუნიკაციისთვის, და გვსურს, ახალი მეთოდების ცდით, მაქსიმუმამდე გავზარდოთ ჩვენი გზავნილის ეფექტურობა.

ჩვენ ვსვამთ რთულ კითხვებს ჩვენი აუდიტორიის შესახებ, ჩვენ მიერ მათთან საკომუნიკაციოდ შერჩეულ მედიუმსა და იმ მესიჯებზე, რომლებიც გამოვიყენეთ. იმუშავა? როგორ გავიგოთ? ვისთვის იმუშავა? ვისთვის არა?

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენ ხელთ არსებული კვლევა, როგორც პირველი საფეხური, სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ ჩვენ გვჭირდება ექსპერიმენტი, გაზომვა, ადაპტირება და გამეორება, სანამ არ მივაგნებთ იმ ხერხს, რაც ჩვენს მოთხოვნებს საუკეთესოდ ერგება. ეს ერთადერთი გზაა ცვლილებების გააზრებულად მოსახდენად.

საბოლოოდ, ყველანი ვესაუბრებით ადამიანებს. ჰკითხეთ თქვენს თავს, რა არის თქვენი სტრატეგია მათთან ლაპარაკისას? ცდილობთ, დაამტკიცოთ როგორი ჭკვიანი ხართ თუ ცდილობთ, მიაგნოთ გზას, რომელიც ადამიანებს მოქმედებისკენ უბიძგებს?

თუ თქვენ უბრალოდ გრძელ ანგარიშებს წერთ, დიდია იმის შანსი, რომ ამას მხოლოდ თქვენთვის აკეთებთ. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა შესაძლებლობები არსებობს იმ ხალხამდე ხმის მისატანად, რომელსაც ცვლილებების მოტანა შეუძლია? როგორია თქვენი სტრაგეგია მათთან სალაპარაკოდ? მათ ასამოქმედებლად?